„დემოგრაფიული აღორძინების ფონდის" თავმჯდომარე თამარ ჩიბურდანიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 2015 წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოში 55 ათასამდე ახალშობილი დაიბადა.
მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სამშობიარო სახლებიდან არის მიღებული. სტატისტიკის დეპარტამენტი კი სრულ მონაცემებს, 2015 წლის დემოგრაფიულ მაჩვენებლებს თებერვლის თვეში გამოაქვეყნებს.
„2015 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით, საქართველოში დაბადებული არის 55 ათასამდე ახალშობილი, რაც 2014 წლის 11 თვის მაჩვენებელს 400 ერთეულით აღემატება.
„დემოგრაფიული აღორძინების ფონდისთვის", ახალშობილების სქესთა თანაფარდობა უცნობია. თუმცა ცნობილია, რომ შემცირებული არის გარდაცვლილი ახალშობილების რაოდენობა. ასევე შემცირებულია აბორტების შემთხვევები.
ჩვენ ველოდებით, რომ 2015 წელს შობადობის მაჩვენებელი გაუსწრებს 2014 წლის მონაცემებს. ასევე საერთო ჯამში შემცირებული იქნება ახალშობილთა გარდაცვალების ფაქტები", - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.