დავით კირკიტაძის ძმას, ირაკლი კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, დაცვის მხარე კი პროცესის განმავლობაში აცხადებდა, რომ ირაკლი კირკიტაძის პატიმრობის საფუძველი არ არსებობს.
ირაკლი კირკიტაძეს ბრალად ედება სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ხულიგნობას გულისხმობს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს 1-ელი განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ირაკლი კირკიტაძე ხულიგნობის ბრალდებით გუშინ დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა თბილისში, დიღმის მასივის მე-5 კვარტალში, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქეს და თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღი ჩაარტყა, რითაც ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა.