გუშინ ფილარმონიაში ჯემალ სეფიაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაბადების 83-ე წლისთავს მიეძღვნა. პატრიარქისადმი მიძღვნილ კონცერტზე მისი უწმინდესობის მიერვე ნამღერი"ალილუია" აჟღერდა. ასევე შესრულდა შოთა რუსთაველის გენიალური „ვეფხისტყაოსნის"ტექსტზე შექმნილი სიმღერა „სიყვარული გზად და ხიდად", რომელზეც „რეპორტიორი"ექსკლუზიურად წერდა რამდენიმე თვის უკან (http://reportiori.ge/?menuid=3&id=67554 ) და რომელსაც თავისუფლად შეიძლება ეწოდოს „სიყვარულისა და მეგობრობის ჰიმნი"... ჯემალ სეფიაშვილის ახალი სიმღერა საპატრიარქოს გუნდმა, გორის ქალთა კაპელამ,ბავშვთა გუნდმა, ასევე ნუცა ბუზალაძემ და აჩიკო ნიჟარაძემ ავტორთან ერთად შეასრულეს. (http://reportiori.ge/?menuid=3&id=67553)
საღამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაბადების 83-ე წლისთავს მიეძღვნა და პატრიარქისვე მიერ შექმნილი საგალობლით "წმინდაო ღმერთო" შესრულებით დაიწყო.
საღამოს სტუმრებს კინორეჟისორმა ქეთი დოლიძემ მიმართა და პატრიარქისადმი სამადლობელი წერილი წაიკითხა. ასევე, ცნობილმა ქართველმა შემსრულებლებმა ჯემალ სეფიაშვილის ზოგიერთი სიმღერა ახალი ვერსიითაც შეასრულეს. კონცერტზე აღინიშნა, რომ კომპოზიტორმა 2007 წლის შემდეგ პირველად გამართა კონცერტი. ქეთი დოლიძემ კომპოზიტორის ღვაწლზე ისაუბრა.
ჯემალ სეფიაშვილმა სცენიდან რამდენჯერმე მიმართა პატრიარქს და ხანგრძლივი სიცოცხლე უსურვა.
ისრაელში მოღვაწე მომღერალმა მორის ჯანაშვილმა სცენიდან წაიკითხა ისრაელის მთავარი რაბინის, დავით ლაუს წერილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორისადმი, სადაც ისრაელის მთავარი რაბინი, მისი ერის სახელით ესალმება უწმინდესს და მშვიდობასა და კურთხევას უსურვებს.
პატრიარქისადმი მიძღვნილ საღამოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებთან და ქართველი ინტელიგენციის თავლსაჩინო წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი (მეუღლესთან ერთად) ესწრებოდა. კონცერტს დაესწრნენ ასევე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახი კახიშვილი, მთავრობის სხვა წევრები, ამერიკის ელჩი საქართველოში იან კელი, თბილისის საკრებულოს წევრები.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისსაპატრიარქოს გუნდი, გორის ქალთა კაპელა, „მეკო-სტუდიოს" ბავშვთა გუნდი,სტუდენტური თეატრი „მოდინახე". ასევე, ანსამბლები: „ქართული ხმები", „ფორტე", „თეატრალური კვარტეტი". მომღერლები მაია ჯაბუა, ეკა კვალიაშვილი, ნინო ძოწენიძე,ცისანა სეფიაშვილი, ნუცა ბუზალაძე, მერაბ სეფაშვილი, თემურ თათარაშვილი, მორისჯანაშვილი, აჩიკო ნიჟარაძე და გიორგი მეფისაშვილი.
ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ საქართველოს კულტურის პალატა და მისი პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი. ტექნიკურ, სასცენო და შემოქმედებით გაფორმებაზე ბასა და თამარ ფოცხიშვილებმა იზრუნეს, ხოლო რეჟისურას გოჩა კაპანაძე ხელმძღვანელობდა.