საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას განაცხადა, რომ დაღესტანში დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქის თბილისისთვის გადმოცემასთან დაკავშირებით, რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კომუნიკაცია შედგა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ პირველი კონტაქტი დამყარებულიყო. საწყის ეტაპზე მოხდა კონტაქტი საქართველოსა და რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებს შორის. შემდგომ სხვა უწყებების დაკონტაქტება გახდა საჭირო და ეს მუშაობა უკვე მიმდინარეობს", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
დაღესტანში დაკავებულები, სავარაუდოდ, ის მონადირეები არიან, რომლებიც რამდენიმე დღის წინ, კაბალის ხეობიდან გაუჩინარდნენ. ოჯახების ინფორმაციით, 28 დეკემბერს 4 მონადირე სანადიროდ გავიდა, თუმცა მათგან უკან მხოლოდ ერთი დაბრუნდა, დანარჩენ სამთან დაკავშირება კი ვერ ხერხდებოდა.