„ელემენტარულად, სხვისი რწმენის დაფასება ისწავლეთ, ძალიან გთხოვთ და თქვენს იდეებს ნუ მოგვახვევთ თავზე, როგორც აპრიორ სიმართლეს", - ამ განცხადებას საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში აკეთებს, რომელსაც გთავაზობთ:
„არ მინდა ჩავერიო ხოლმე, რაღაც ფსიქოზამდე მისულ პოლემიკაში და ვიღაცეების ისტერიულ კივილში მაგრამ, იცით რაშია საქმე - მე ნამდვილად არ ვარ დიდი მორწმუნე, თუმცა ჩემს სარწმუნოებას ნამდვილად პატივს ვცემ, ისევე როგორც სხვა სარწმუნოებას და აღმსარებლობას. რა მაინტერესებს იცით? როდესაც საფრანგეთის პირველი არხი TF1 თხუთმეტწუთიან რეპორტაჟს უძღვნის მართლმადიდებლურ შობას და პირდაპირ ჩართვასაც აკეთებს ბეთლეემიდან... როდესაც 7 იანვარს სკოლაში მისულ ჩემს შვილებს მასწავლებლები შოკოლადებით სავსე პატარა კალათით ხვდებიან და ეუბნებიან რომ, მათ შეუძლიათ დღეს სკოლაში არ მოვიდნენ და დაისვენონ, რადგან ეს არის მათი დიდი რელიგიური დღესასწაული... როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გამოდის და მართლმადიდებლურ სამყაროს მოსალოც მიმართვას უგზავნის... თქვენ რამ გადაგრიათ, თქვე კაი ხალხო, დავუშვათ და არ მოგწონთ მართლმადიდებლური რწმენა, დავუშვათ და ათეისტები ხართ, ის ხომ უნდა იცოდეთ სხვისი რელიგიური რწმენის შეურაცხყოფა და ხელყოფის დაუშვებლობა ადამიანის უფლებათა დეკლარაციის ერთ ერთი მთავარი პუნქტია? ზუსტად იმ დეკლარაციის როცა თქვენ გჭირდებათ ასე ამაყად რომ გვიფრიალებთ ხოლმე ცხვირწინ? ელემენტარულად, სხვისი რწმენის დაფასება ისწავლეთ, ძალიან გთხოვთ და თქვენს იდეებს ნუ მოგვახვევთ თავზე, როგორც აპრიორ სიმართლეს (ესეც ადამიანის უფლებათა დეკლარაციითაა აკრძალული სხვათაშორის). სულ ეს მინდოდა მეთქვა...", - წერს ფოფხაძე.