პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე „ქართული გაზეთის" მიერ დღეს გასაჯაროვებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„ქართულობაზე რომ გაქვს პრეტენზია და "ქართული გაზეთი" რომ გქვია, ჟურნალისტობაზე რომ გაქვს პრეტენზიაა და ამ დროს, ამ პროფესიის დისკრედიტაციას ახდენ, სულ მცირედით მაინც უნდა გაისარჯო და რაღაც დონეზე მაინც გადაამოწმო ინფორმაცია, ვიდრე დაბეჭდავ, ძალიან უსუსურად გამოიყურებით ამ შემთხვევაშიც, ვისაც ეს გეხებათ, ის მაინც გაგერკვიათ, რომელი ბინები გავაყიდინეთ მსჯავრდებულებს? მთელი უძრავ-მოძრავი ქონება, რაც კი გააჩნდათ, პირწმინდად რომ ჩამოართვა ადეიშვილის პროკურატურამ და დიდი ხანია სახელმწიფო საკუთრებაში რომ მიექცა, ის ხომ არა, შემთხვევით?! ძალიან სასაცილოები ხართ ეს ვაიჟურნალისტები, ვითომ გაზეთები, ვითომ შემწყალებლები!", - წერს მანანა კობახიძე.
დღეს „ქართულმა გაზეთმა" გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ ანასტასია ზაუტაშვილის შვილი ლაშა ორბელაძე, რომელიც ამჟამად ბელორუსში იმყოფება, ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძისთვის ქრთამის გადახდას ადასტურებს:
"ლაშა ორბელაძესთან პირად ურთიერთობაში მყოფმა პირმა „ქართულ გაზეთს" მიმოწერის ამსახველი ფოტომასალა გადასცა. წყაროს ნებართვით და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე „ქართული გაზეთი" უცვლელად ასაჯაროვებს ამ მიმოწერას", - წერს გამოცემა.
მიმოწერაში ლაშა ორბელაძე მეგობარს წერს, რომ სამი ბინა გააყიდინეს, თუმცა შედეგი ჯერ არ აქვს. ამ საკითხზე კომენტარი ანასტასია ზაუტაშვილის ადვოკატმა გააკეთა და განაცხადა, რომ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული მიმოწერა არ ეკუთვნის ზაუტაშვილის შვილს:
"ვესაუბრე ლაშა ორბელაძეს, ანუ ვისი სახელიტაც გავრცელდა ეს მორიგი სისულელე. ლაშამ ჩვენგან და ოჯახისწევრებისგან გაიგო, მან არ იცოდა საერთოდ მსგავსი რამ თუ არსებობდა. ეს ყველაფერი "ნაციონალური მოძრაობის" ერთიანი ხელწერაა. ელისაშვილი, კილაძე, მილაძე , სულ ყველა ვინც არიან, ერთი ხელის ქვეშ ხდება ეს ყვალაფერი", - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.