რადიო „თურქეთის ხმის" ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინს მიმართა შეკითხვით, - რატომ გააგზავნა რუსეთმა სამხედროები უკრაინასა და საქართველოში. ერდოღანმა სირიაში რუსი სამხედროების ქმედებებზე საუბრისას განაცხადა, რომ პუტინის მხრიდან ხშირად არასწორი განცხადებები კეთდება.
თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსი სამხედროები სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ არ იბრძვიან.
"რუსეთი აცხადებს, რომ მისი სამხედროები სირიაში სირიის მთავრობის მიწვევით არიან. მაგრამ, სირიის მთავრობა არ არის ლეგიტიმური მთავრობა. მაშინ რატომ გააგზავნა რუსეთმა საკუთარი ძალები საქართველოში? იმიტომ რომ მიგიწვიეს? იმიტომ გააგზავნეთ უკრაინაში ჯარები, რომ მიგიწვიეს? თურქმენები ამბობენ, რომ რუსული ბომბები მათ სოფლებში ცვივა. რუსეთი "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ არ იბრძვის. ისინი ცდილობენ მსოფლიო შეცდომაში შეიყვანონ", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთმა საჰაერო სივრცის დარღვევისთვის, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი სუ-24 რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ ჩამოაგდო.