9 იანვარს ყვარელში, სასტუმრო "როიალ ბატონში" ზურაბ ჟვანიას წინანდლის პრემიის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. პრემია 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს სხვადასხვა ნომინაციებში ენიჭება, მათ შორის საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში, მუსიკაში, კონოხელოვნებაში და სხვ. სპეციალურად შერჩეული ჟიური დასახელებული ნომინაციებიდან თითოეულ სფეროში ერთ გამარჯვებულს ავლენს. უკვე დაჯილდოვდნენ ახალგაზრდა მეცნიერები და ხელოვანები. ღონისძიებას დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც. როგორც ფონდის წარმომადგენლები აცხადებენ ყველა ნომინანტს გადაეცემა სიგელი, გარდა ამისა გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სხვადასხვა პრიზებითა და დიპლომებით. დაწესებულია პრემია 5000 ლარის ოდენობით. აღნიშნული პროექტი საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით განხორციელდა.
„ეს ღონისძიება იმისთვისაა, რომ რამდენადაც შეგვიძლია ახალგაზრდებს მხარში დავუდგეთ და დავეხმაროთ. ღონისძიება ასევე მნიშვნელოვანია მათი ურთიერთობისთვის, იმისთვის, რომ გაიცნონ ერთმანეთი, დამეგობრდნენ. ჩვენ უნდა გავიცნოთ და უფრო მეტად შევიყვაროთ ასეთი ახალგაზრდები" - ამბობს ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე.