ვან დეიკის ტილოს შემძენი აზერბაიჯანელი ბიზნესმენი, ზაჰირ ჰუსეინი, კურიერთან ნახატის შეძენის დეტალებს ჰყვება. მისი თქმით, 2010 წელს მან კულტურის სამინისტროსგან ნებართვის საფუძველზე, აბაშიძეებისგან შეძენილი ტილო საზღვარზე ლეგალურად გადაიტანა. სტამბულში მისი გაყიდვა ვერ შეძლო და ნაცნობ გადამყიდველებთან დატოვა.
აბაშიძეების მტკიცებით, მათ ნახატი 15 წლის წინ თბილისში 5000 დოლარად იყიდეს. ტილო არაერთხელ შეაფასებინეს ხელოვნებათმცოდნეებს. დაადგინეს, რომ ჰოლანდიელი მხატვრის ნამუშევარი იყო, თუმცა მათთვის ოფიციალურად არავის უთქვამს, რომ მითიური სცენა შიშველი ქალით ვანდეიკს ეკუთვნოდა.
ოჯახმა ნახატის გაყიდვა ფინანსური კრიზის გამო 2010 წელს გადაწყვიტა. ტილო 37 ათას დოლარად გაყიდეს, თუმცა მყიდველმა, ზაჰირ ჰუსეინმა, მათ მხოლოდ 7 ათასი დოლარი გადაუხადა.
აბაშიძეებმა სარჩელი სასამართლოში შეიტანეს. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით, ზაჰირ ჰუსეინოვს ქონება, კერძოდ, ავტომანქანა დაუყადაღეს და 30 ათასი დოლარის გადახდა დააკისრეს.
ჰუსეინოვი კი ირწმუნება, რომ ხელშეკრულების მიხედვით 30 ათასი დოლარი აბაშიძეებისთვის ტილოს სტამბულში გაყიდვის შემდეგ უნდა მიეცა.
თურქული მედიის ცნობით, ვანდეიკის ტილოს 14 მილონ დოლარად 2 მამაკაცი ყიდდა. მათთან მოლაპარაკებას თურქი პოლიციელები, როგორც მყიდველები, ისე აწარმოებდნენ და მათი აყვანის სპეცოპერაციაც ტილოს გადაცემის დროს ჩატარდა.
წყარო რუსთავი2