გამოჩენილ ქართველ ფეხბურთელს, ვიტალი დარასელიას დღეს 59 წელი შეუსრულდებოდა. ის დაიბადა 1957 წლის 9 ოქტომბერს ოჩამჩირეში. ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა საფეხბურთო კლუბ თბილისის „დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში. მან თავისი კარიერის ძირითადი ნაწილი თბილისის „დინამოში" გაატარა. ვიტალი დარასელია 17 წლის ასაკში ჩაირიცხა საქართველოს საუკეთესო კლუბში და მალევე დაიმკვიდრა ადგილი გუნდის ძირითად შემადგენლობაში. თბილისის „დინამოში" 1975 წლიდან 1982 წლამდე იასპარეზა და 273 შეხვედრაში 40 გოლი გაიტანა. ერთ-ერთმა ცნობილმა უცხოელმა ჟურნალისტმა დაწერა, „ლივერპული" ასეთი ვარსკვლავებით დაკომპლექტებული გუნდია, მაგრამ მისი არცერთი ფეხბურთელი ამდენი მცველის მოტყუებაზე არ წავიდოდა, როგორც ეს ვიტალი დარასელიამ გააკეთაო". დარასელიას საფეხბურთო კარიერის გვირგვინად კი თასების თასის ფინალურ შეხვედრაში კარლ ცეისის კარში გატანილი გადამწყვეტი გოლი იქცა. გოლი, რომელიც თბილისის „დინამოს" ისტორიაში მიჩნეულია ყველაზე მნიშვნელოვან გოლად. სსრკ-ს ჩემპიონი 1978, ვერცხლის მედალოსანი 1977, სამგზის პრიზიორი 1976 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე და 1981 წელს. ბროლის თასის ორგზის მფლობელი 1976 და 1979 წლებში. უეფას თასების მფლობელთა თასის მფლობელი 1981 წელს. 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში შედიოდა 5 ჯერ.
ვიტალი დარასელია 1982 წლის 13 დეკემბერს, 25 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში ტრაგიკულად დაიღუპა. 2007 წელს მისი დაღუპვიდან 25 წლისთავზე ვეტერანებმა მის პატივსაცემად მატჩი გამართეს. ოჩამჩირეს ადგილობრივი სტადიონი სწორედ დარასელიას სახელს ატარებს, ასევე „დინამო თბილისის" საფეხბურთო აკადემია ლეგენდარული ვიტალი დარასელიას სახელს ატარებს.