საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან ერთად ზურაბ ჟვანიას სახელობის წინანდლის პრემიის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო.
ღონისძიებას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრები დაესწრნენ.
წინანდლის პრემია საქართველოს პრეზიდენტის ხელშეწყობით 2014 წელს აღდგა და უკვე მეორე წელია გიორგი მარგველაშვილის პატრონაჟით იმართება.
პროექტის საკონკურსო ეტაპზე გამოვლენილ ნომინანტებს შორის 19 გამარჯვებული დასახელდა.
საქართველოს პრეზიდენტმა წინანდლის პრემიის სპეციალური პრიზი, განსაკუთრებული მიღწევისათვის, ახალგაზრდა მუსიკოსს ბექა გოჩიაშვილს გადასცა.
გიორგი მარგველაშვილმა შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ახალგაზრდა ხელოვანების წარმოჩენის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება:
„ძალიან მნიშვნელოვანია , რაც დაიწყო ზურაბ ჟვანიამ. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ხელოვნებას, მეცნიერებას და ახალგაზრდობას, რომელიც ამაში არის ჩართული. მაშინ შეიძლება ბოლომდე არ გვესმოდა, მაგრამ დღეს უკვე მემკვიდრეები ვართ ამ პროცესის. მადლობა ნინოს, რომ ზურას ეს წამოწყება განაგრძო და ახალი ძალა შემატა.
მინდა მოგილოცოთ ნომინანტებს, ლაურეატებს, ყველას ვინც მონაწილეობთ ამ პროცესში გისურვოთ წარმატება და მომავალი შემოქმედებითი გამარჯვება. იცოდეთ, რომ მუდმივად მხარს გიჭერთ, თქვენს გვერდით ვარ და ვცდილობ, რომ განვაგრძო ის მნიშვნელოვანი წამოწყებები, რაც იყო საქართველოში და ბუნებრივია მომავალშიც გაგრძელდება,"- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას.
წინანდლის პრემია 1998 წელს ზურაბ ჟვანიას ინიციატივით დაარსდა და მიზნად ახალგაზრდა მეცნიერებისა და შემოქმედების წახალისებას და თანამედროვე ნამუშევრების საზოგადოებისთვის წარდგენას ისახავს.