ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი ბუბა კუდავა საქართველოს რუსეთთან დაახლოების შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ რუსეთს, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს მეზობელია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამის გაკეთება შეეძლო ქართველთა გულის მოსაგებად, შეგნებულად არაფერი გაუკეთებია.
„ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, თუ რატომ არ მინდა რუსეთთან!
რუსეთს არ შეუძლია ქართულად მელაპარაკოს, მაშინაც კი, როცა უკეთ იცის ქართული, ვიდრე მე რუსული. სხვას? - სხვას უხარია, წვალობს, ენას იმტვრევს და ბოლოს რაღაცას ახერხებს. ისიც უხარია, ჩვენ რომ გვიხარია.
ლამის 200 წელი რუსეთის იმპერიის ნაწილი ვიყავით და მიუხედავად ამისა, რუსეთს დღემდე არ გაუზრდია არცერთი რუსი ქართველოლოგი, არცერთი, დიახ, არცერთი (!) სპეციალისტი საქართველოს ისტორიისა, ქართული ენისა, ქართული ლიტერატურისა, კულტურისა თუ ქართველთა ყოფა-ცხოვრებისა, რომელიც ლაპარაკობდა, კითხულობდა და წერდა ქართულად (ეთნიკურად ქართველების რუს სპეციალისტებად გამოცხადებას არ ვართ). სხვებმა? - სხვებმა მხოლოდ ბოლო 20 წელიწადში რამდენიმე ათეული ასეთი სპეციალისტი გაგვაცნეს.
რუსეთს არ შეუძლია, რომ მისი ელჩი ქართულად გველაპარაკებოდეს, თუნდაც რამდენიმე წინადადებით, მაშინაც კი, როცა იგი ეთნიკურად ქართველია. სხვები? - სხვები ცდილობენ, გამოსდით და სტანდარტებსაც ამკვიდრებენ.
რუსეთს მინიმუმ კიდევ 100 წელი არ შეუძლია, რომ მისმა დიპლომატებმა მრავალჟამიერით მოგვილოცონ ახალი წელი...
სხვებს? სხვებს შეუძლიათ...
მრავალჟამიერ,
მრავალჟამიერ,
ღმერთმა ინებოს ჩვენი სიცოცხლე!..."- აღნიშნავს კუდავა.