reportiori.ge - ოთხი შარვალი, ჩითის კაბა და პოლკოვნიკ ბრეჟნევის საქმენი საგმირონი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 02:33
პრეს-დაიჯესტი
ოთხი შარვალი, ჩითის კაბა და პოლკოვნიკ ბრეჟნევის საქმენი საგმირონი
11 იანვარი, 2016. 10:44


ადამიანური ისტორიები.


1978 წლის იანვარში, მოსკოვში მიმავლინეს, თანამედროვე არაბულ ლიტერატურაზე მოზრდილი ნაშრომის შესაქმნელად. ვცხოვრობდი ფალიაშვილზე, ჩვენი წარმომადგენლობის სასტუმროში; მთელ დღეებს კი ლენინის სახელობის ბიბლიოეკაში ვატარებდი მაჰმუდ თეიმურის, ჯირჯი ზეიდანისა და სხვა არაბი კლასიკოსების ნაწარმოებებში თავჩარგული.


ერთფეროვანი დღეები ერთმანეთს მისდევდა, გაიარა შობამ და დიდი იმედი მქონდა, რომ ძველით ახალ წელს უკვე შინ, თბილისში შევხვდებოდი. კვირა დღეს, ყველა საბჭოთა მოკვდავივით დასვენება გადავწყვიტე, ვინმე ნაცნობის ნახვის იმედით სასტუმროს ფოიეში ჩამოვედი და უმალ თვალი მოვკარი მაშინ ახალგაზრდა კინორეჟისორ ალეკო ნინუას. როგორც გამოირკვა, ალეკოს საქართველოს ტელევიზიის ტელეფილმების სტუდიაში გადაეღო ფილმი „ოთხი შარვალი და ერთი ჩითის კაბა". იმ დროის წესით, ფილმი ეთერში გასვლამდე, საკავშირო, ცენტრალური ტელევიზიის სამხატვრო საბჭოს უნდა დაემტკიცებინა. ალეკო ძალიან ნერვიულობდა და შემომთავაზა იქნებ შენც წამოხვიდეო. ასეთ შემთხვევას ხელიდან ვერ გავუშვებდი და მეორე დღეს დომოდედოვოში, „გოსფილმოფონდის" კუთვნილ ე.წ. „Белые столбы"-ში მოვხვდი.


დარბაზში დიდად პატივსაცემ საზოგადოებას მოეყარა თავი. აქედანვე გეტყვით, რომ ქართველი რეჟისორის ნამუშევარმა საერთო მოწონება დაიმსახურა და პირდაპირ  იმ ამბის თხრობას გავაგრძელებ, რამაც ამ წერილის დაწერა განაპირობა.


ყურადღება მივაქციე, რომ წინა რიგებში, რამდენიმე სამხედრო იჯდა; ყველაზე დაბალი ჩინი გენერალ-მაიორი გახლდათ და მათი ჯინჯილების რაოდენობის განსაზღვრა თქვენთვის მომინდვია. ალეკომ მიჩურჩულა- ეტყობა რომელიმე ფილმი ომის თემაზეა და ესენიც იმიტომ მოიწვიესო. ასეც აღმოჩნდა. ვითარებაში უკეთ გასარკვევად, გეტყვით, ეს ის დროა, როცა ქვეყნის ლიდერს, ლეონიდ ბრეჟნევს, ყოველ დღესასწაულზე თითო ვარსკვლავს კიდებდნენ მკერდზე, თან მისი მემუარული ტრილოგიის პირველი წიგნი „მცირე მიწა"-ც ახალი გამოსულია. ჰოდა, ვინმე ახალგაზრდა უკრაინელ რეჟისორს ამ წიგნზე დაყრდნობით, ნახევრად დოკუმენტური ფილმი გადაუღია და ეს პატივცემული გვამებიც ამ „შედევრის" სანახავად მოუწვევიათ.


დარბაზში სინათლე ჩაქრა და გადავინაცვლეთ 1943 წლის თებერვალში, როცა მე-18 არმიის საზღვაო ქვეითებმა, ცემესის ყურეში, მიწის პატარა ნაგლეჯი დაისაკუთრეს და 225 დღის მანძილზე იგერიებდნენ მტრის გააფთრებულ შეტევებს. ლეონიდ ბრეჟნევი, იმ ხანად, მე-18 არმიის პოლიტგანყოფილების უფროსი (ბოროტი ენები ამბობენ უბრალო პოლიტხელი იყოო) გახლდათ პოლკოვნიკის ჩინით. ფილმში იყო ასეთი ეპიზოდი: სტალინი რეკავს არმიის შტაბში, ყურმილს იღებს ახალგაზრდა ლეონიდ ილიჩი. ბელადი კითხულობს კონსტანტინე ლესელიძეს, ბრეჟნევი ეუბნება რომ გენერალი შტაბში არ იმყოფება. მაშინ სტალინი  სთხოვს(!) ჩაიწეროს უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანება და მეთაურს გადასცეს. როდესაც კარნახი დაამთავრა, ჩაეკითხა დავალება გასაგებიაო? ბრეჟნევი მცირეხნიანი დუმილის შემდეგ პასუხობს: ამხანაგო სტალინ! თქვენი ბრძანება ფრონტზე არსებულ ვითარებას არ შეესაბამება და ვფიქრობ, უნდა გააუქმოთო: შემდეგ, დეტალურად აცნობს ბელადს როგორ იქნება უმჯობესი და კავშირს პიველი წყვეტს. კადრში მოსჩანს სტალინი, რომელსაც ხელში ჯერაც უკავია ყურმილი და ისმის: ტუუუ-ტუუუ. დარბაზში ჯერ მორიდებული ფხუკუნი გაისმა, მალე ამას ომახიანი ხარხარი მოყვა და შუქებიც აინთო. ყველას აინტერესებდა ვინ გაბედა გაცინება.


ჩვენი პატივცემული გენერლები პატარა ბავშვებივით ხტოდნენ და სიცილისგან ლამის ჩაბჟირებულები ერთმანეთს ასკდებოდნენ. როცა ცოტა სული მოითქვეს, ერთმა მათგანმა ფილმის რეჟისორი მოიკითხა. მოუყვანეს ახალგაზრდა, სათვალიანი ყმაწვილი. მათ შორის დაახლოებით ასეთი დიალოგი გაიმართა: შვილო, შენ გეტყობა არც მამა გყავს, არც ბაბუა და არც მეზობლები, ან სულაც სხვა პლანეტიდან ხარ მოფრენილი. ახლა შინ წადი, სანამ ამხანაგ ბრეჟნევის მასხარად აგდებისთვის ვინმეს არ გაუროზგიხარო.


ბოლო ფრაზამ, აქამდე შიშით გარინდულ დარბაზსაც შვება მისცა და საერთო სიცილ -ხარხარში, გაკვირვებული უკრაინელი რეჟისორი თავჩაქინდრული გაიძურწა. მოხარხარეთა შორის მე და ალეკო ნინუაც გახლდით, რადგან, ამისთვის, სხვებზე მეტი მიზეზებიც  გვქონდა.




წყარო: sputnik-georgia.com


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016