რა გახდა ფატალური შემთხვევის მიზეზი? - გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოთხილამურე, რომელიც 12 წლის გოგონას დაეჯახა ნასვამი იყო.მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ სათხილამურო ტრასებზე ნასვამ მდგომარეობაში ხშირად სრიალებენ და საამისოდ რეგულაციებიც არ არსებობს:
„იურიდიული უფლებაც არავის აქვს, რომ ნასვამი მოთხილამურე ტრასაზე შეამოწმოს. ხშირად ხდება ჩხუბი და შელაპარაკება იმის გამო, რომ ვინმეს ვაფრთხილებთ, ნასვამ მდგომარეობაში ნუ გავა სათხილამუროდ. შესაბამისად, ჩვენი თანამშრომლებიც თავს იკავებენ. წესით, ამ პრობლემის რეგულირება კანონის დონეზე უნდა მოხდეს. თუნდაც, პატრულმა დაარეგულიროს საბაგიროს შესასვლელში", - ამბობს ირაკლი ჭირაქაძე ტელეკომპანია „იმედთან" საუბრისას.
გუდაურში უბედური შემთხვევის შედეგად 12 წლის გოგონა გარდაიცვალა.
ტრაგედია პირველ სასრიალო სპორტულ ტრასაზე მოხდა, რა დროსაც სავარაუდოდ 18 წლის ბიჭმა თხილამურები ვერ დაიმორჩილა და ბავშვს დაეჯახა. გოგონა ადგილზე გარდაიცვალა, ბიჭი კი დაშავდა და ამ დროისთვის მკურნალობას გუდაურის ამბულატორიულ საავადმყოფოში გადის.
გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.