ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ რა ტრაგედიასაც „გაზპრომთან" დაკავშირებით ე.წ. ექსპერტები ხატავენ, არის მარაზმი და არასწორი.
„გაზპრომთან" მოლაპარაკებები ქართული მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არ არის პირველი წელი, როდესაც ქართულ მხარეს „გაზპრომთან" ურთიერთობა აქვს, არსებული ხელშეკრულების გადახედვა ყოველწლიურად ხდება.
თუმცა ამ შემთხვევაში მოთხოვნა არის შეიცვალოს ხელშეკრულების პირობები - გადავიდეთ ფულად ანაზღაურებაზე ანუ ჩვენს მიერ გატარებული 10 პროცენტიანი მოცულობის მაგივრად გადაგვიხადონ თანხები. ეს მოლაპარაკებები დიდი ხანია დაწყებული გვაქვს. რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, თუმცა შეთანხმება მიღწეული არ არის. ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩვენ ვისმენთ გაუგებარ განცხადებებს ე.წ. ექსპერტების მხრიდან. თუ ვინმეს მართლა აქვს სერიოზული სურვილი გაიგოს დეტალები, ენერგეტიკის სამინისტრო, პირადად მე, მზად ვარ ამ ადამიანებს შევხვდე - მოვიდნენ და მივაწვდით ყველა რეალურ ინფორმაციას", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.
კითხვაზე, რატომ იგებს ქართული მედია „გაზპრომის" წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ინფორმაციას ძირითადად რუსული და აზერბაიჯანული მედიით, კალაძემ განაცხადა, რომ ყველა შეხვედრასთან დაკავშირებით მისმა უწყებამ განცხადება გააკეთა.
„თუმცა მინდა გითხრათ, რომ შეთანხმება არ არის მიღწეული. სამუშაო შეხვედრების შედეგად, რომელიც რამდენჯერმე შედგა, რეზულტატი არ დამდგარა. როდესაც გარკვეული შეთანხმება შედგება, ყველასთვის გახდება ცნობილი ", - განაცხადა კახა კალაძემ.