მედიაკავშირ „ობიექტივის" მთავარი რედაქტორი, ბონდო მძინარაშვილი აცხადებს, რომ მთავარია პოლიტიკოსი იყოს პატრიოტი და ქვეყნის ინტერესებზე ფიქრობდეს, ხოლო თუ რა პროფესიის ადამიანი იქნება პარლამენტის წევრი, ამას ხალხი წყვეტს, რომელიც ირჩევს, თუ ვინ იქნება ქვეყნის მმართველობაში.
მძინარაშვილი ქართველ პოლიტიკოსებს მოუწოდებს ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე დადგნენ და განურჩევლად პროფესიისა, იმ პრობლემებზე იფიქრონ, რაც ქვეყანას აწუხებს.
„პოლიტიკოსის პროფესიას მნიშვნელობა არ აქვს, - მთავარია, პოლიტიკოსი იყოს იდეალისტი და გრძნობდეს სამშობლოს, ესმოდეს ხალხის გულისთქმა და სახელმწიფო ინტერესები!
ეს ახალი სისულელე, რომელიც დავით უსუფაშვილმა უთხრა ბიძინა ივანიშვილს და ივანიშვილმაც გაიმეორა, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური გონებასუსტობის ნიშანია! ანდა გველაძუობის!
გაიგეთ, რომ პარლამენტს ხალხი ირჩევს (უნდა ირჩევდეს!) და მისი გადასაწყვეტია, პარლამენტში იურისტი იქნება თუ მსახიობი, ეკონომისტი თუ სპორტსმენი!
ჰო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია:
შეიძლება ივანიშვილისთვის ეს უცხოა, ანდა სულერთი, მაგრამ უსუფაშვილმა კარგად იცის, რომ პარლამენტის აპარატში მუშაობენ სპეციალისტები და მოწვეული სპეციალისტები (თვითონაც მუშაობდა თავის დროზე) - დარგის პროფესიონალები, რომლებმაც სამართლებრივი და ფინანსური რისკები უნდა გათვალონ და კანონპროექტის სახე უნდა მისცენ პოლიტიკოსების ნააზრევს!
დროა, მორჩეთ მატრაბაზობას და ხალხის დახარისხებას, რადგან, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია მოწოდება - საქართველოა გადასარჩენი!
ადამიანებს, რომლებსაც არასოდეს არაფერი გაუკეთებიათ, ადამიანებს, რომლებსაც არაფერი შეუქმნიათ, ანუ უბიოგრაფიო ინდივიდებს ძალიან უადვილდებათ სხვების დამსახურების დაკნინება!
ეს იდიოტიზმია!
და ამიტომ მივმართავ ამ იდიოტებს:
ჰეი, მანდ, თქვენი თვითშეფასების მწვერვალზე არ გცივათ?
რამე მოიხურეთ, სანამ დაგახურავთ!"- წერს მძინარაშვილი სოციალურ ქსელში.
პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებული სიჭარბით, მომავალ პარლამენტში, მათ რიგებში მსახიობებსა და სპორტსმენებს საზოგადოება აღარ იხილავს. მისივე თქმით, მომავალ პარლამენტში აქცენტი კონკრეტულ სფეროებში გამოცდილ, პროფესიონალ ადამიანებზე გაკეთდება.