"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურ მდივნის კახა კალაძის განცხადებით, განცხადებები კოალიციის დაშლის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ კოალიციაში დაპირისპირებას ადგილი არ აქვს.
"არანაირი პრობლემა არ არსებობს. გუნდში რა თქმა უნდა, იქნება საუბარი კვოტებთან დაკავშირებით, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ კოალიციაში ყველა პარტიას აქვს თავისი როლი, თავისი ადგილი, და კოალიციის ერთობა და სიძლიერე ზუსტად არის ის, რომ ჩვენ ვართ ერთად და ერთობლივად ვაკეთებთ საქმეს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ", - აღნიშნა კალაძე.
კალაძის განცხადებით წინასწარ რაიმე პროგნოზის გაკეთება არ სურს, თუმცა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კოალიციაში გარკვეული ცვლილებები მოსალოდნელია.
"წინასწარ არ მინდა რაიმე განცხადებები გავაკეთო. ჩვენ რა თქმა უნდა, გუნდში გვექნება ამაზე საუბარი. პოლიტიკა არის დინამიური პროცესი და ამ მიმართულებით, თუ ეს გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, იმიტომ, რომ კოალიცია ყოველთვის კოალიცია ვერ იქნება, შესაძლებელია, კონკრეტულმა პარტიებმა გარკვეული დროის შემდეგ დატოვონ. ეს ნორმალური პროცესია", - განაცხადა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ.