დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის პაატა იმნაძის განცხადებით, თბილისის მასშტაბით, ყოველ ათას ადამიანზე 200 ვირუსული შემთხვევა ფიქსირდება. მისი თქმით, აღნიშნული მონაცემები განგაშის საფუძველს არ იძლევა.
„გრიპი და გრიპისმაგვარი დაავადებების ინტენსივობა, ისევე როგორც მთელს ევროპაში, საქართველოშიც დაბალია. თბილისის მასშტაბით ყოველ ათას ადამიანზე 200 ვირუსული შემთხვევა ფიქსირდება. ზოგადი მონაცემებით, თბილისში 300-400 ადამიანის დაავადება ფიქსირდება ხოლმე და ეს მონაცემები შეიძლება ითქვას, რომ დაბალია.
ძირითადად ქვეყანაში, ისევე როგორც მთელ ევროპაში, ცირკულირებს H1N1 პანდემიური ვირუსი. გარდა ამ ვირუსისა ცირკულირებს ასევე რინო-ვირუსები და რესპირატორული ვირუსები. ჯერ საქართველოში პიკის პერიოდი არ დამდგარა. გრიპისმაგვარი დაავადებების პიკის პერიოდი საქართველოში ძირითადად თებერვლის ბოლოს მარტის დასაწყისში მოდის", - განაცხადა პაატა იმნაძემ.
პაატა იმნაძე მოსახლეობას ურჩევს, ხშირად დაიბანონ ხელები, ასევე ავადობის შემთხვევაში თავი შეიკავონ სამსახურში სიარულისგან.