არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციას" ორგანიზებით, სასტუმრო „ვეძისის" საკონფერენციო დარბაზში, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სემინარი გაიმართა.
სემინარი - „სოციალური ქსელების გამოყენება საზოგადოებრივი ურთიერთობისას" ყოველდღიური ინგლისურენოვანი გაზეთის The Moscow Times-ის მიმომხილველმა და ვებ-საიტის ixtc.org-ის მთავარმა რედაქტორმა, ვიქტორ დავიდოფმა ჩაატარა.
„პოზიცია"-ს ხელმძღვანელმა გურამ ადამაშვილმა სტუდენტებს არასამთავრობო ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ასევე გააცნო ის ხედვები, მიზნები და სამომავლო გეგმები, რომლებიც ორგანიზაციას გააჩნია.
სემინარში მონაწილე სტუდენტები „პოზიცია"-ს საქმიანობითა და პროექტებით დაინტერესდნენ და შემდგომი თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვეს.
„მსგავსი ტიპის ღონისძიებები და აქტივობები მნიშვნელოვანია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების სოციალურ გარემოში უკეთ ინტეგრაციისთვის. „პოზიცია" გეგმავს გააგრძელოს სხვადასხვა პროექტის ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრები და ხელი შეუწყოს მათი ინფორმირებულობის დონისა და ცნობიერების ამაღლებას", - აცხადებენ ორგანიზაციაში.