გაზეთ „ალიასთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა განაცხადა, რომ ადამიანები, რომლებმაც ატესტაციები გაიარეს და მაღალი ქულები მიიღეს, დღეს უმუშევრები არიან, რადგან ის უსაქმური ადამიანები საქმდებიან, რომლებიც ვიღაცის „პროტეჟეები" არიან:
„გასაგებია, გუნდია და მისი ერთგული უნდა დარჩე, მაგრამ ასეთი რამ გაგიგია, რომ მთელი გუნდი „ჩალიჩობდეს" როგორმე გადაგკიდონ შენი თანამებრძოლები.? ჩემი შტაბის უფროსიდან დაწყებული, რომელიც გლდანის მაჟორიტარულ არჩევნებზე მყავდა, ჩემი დედმამიშვილებით დამთავრებული არავისთვის მითხოვია დასაქმება, 9 წელი უმუშევრები იყვნენ და ახლაც ასე არიან, ალბათ ასეც იქნებიან.
ჩემი თანამებრძოლები, ვინც ატესტაციები გაიარეს, 100 ქულიდან 99 ქულა აიღეს, სამსახურში ვერ მოხვდნენ - ადამიანები, ვინც „ოცნების" გამო თავი გაწირეს, ხოლო ისინი, ვინც ბუჩქებში იმალებოდნენ -დასაქმებულები არიან. ასეთი მხდალი ადამიანები დღეს თანამდებობებზე არიან. აი, ამას აკეთებს ჩემი გუნდი, მაგრამ ჩემი თანამებრძოლები განა იმისთვის იდგნენ ჩემს გვერდით, რომ გამარჯვების შემდეგ პირში პონჩიკს ჩავუდებდი?! მათ თავი გაწირეს ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და რა მიიღეს? წიხლი!...
უბრალოდ ვერ ვხსნი, რა ხდება. შეიძლება, რომ ატესტაცია რამდენჯერმე გაიაროს ერთი და იგივე ადამიანმა, მიიღოს უმაღლესი ქულა და მის ადგილას ვიღაც უსაქმური, ჩირგვებში დამალული მიიყვანონ და დასვან იმიტომ, რომ ვიღაცის პროტეჟეა...", - განაცხადა ჯაჭვლიანმა.
მოამზადა სოფო ხუგოიანმა
წყარო: ალია