ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებსა და კლინიკის მფლობელ ბლოკ „ჯორჯიას" შიდა დაპირისპირების მოგვარებისთვის 48-საათიან ვადას აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის სხვა საავადმყოფოში გადატანას აპირებს.
„მისი თქმით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ჯანდაცვის სამინისტროსთვის პრიორიტეტულია და უწყება არ დაუშვებს, რომ თუნდაც ერთ პაციენტს ამ მხრივ პრობლემები შეექმნას, როგორც ეს ზუგდიდის საავადმყოფოს შემთხვევაში მოხდა.
48 საათის განმავლობაში, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან, გარანტიას ვაძლევ, რომ C ჰეპატიტის პროგრამა, რომლის პროვაიდერიც გახლავთ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო, სხვა სამედიცინო დაწესებულებაში განხორციელდება," - განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ.
კითხვაზე, თუ რომელ საავადმყოფოში შეიძლება მოხდეს პროგრამის გადატანა, კვარაცხელიამ განაცხადა, რომ ზუგდიდის არც ერთ საავადმყოფოში ამ დროისთვის არ არის ლიცენზირებული ინფექციონისტი. ამიტომ შეიძლება პროგრამის გადატანა მოხდეს ქუთაისში ან ფოთში, ან ზუგდიდის რომელიმე სხვა კლინიკაში თბილისიდან მიავლინონ ინფექციონისტი.
ვალერი კვარაცხელიას ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის სამეგრელოს რეგიონიდან რეგისტრირებულია 1338 პაციენტი, მათ შორის, 211 ამ დროისთვის ღებულობს მკურნალობას.
„მოგეხსენებათ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია, რომ C ჰეპატიტის მკურნალობა ხელმისაწვდომი იყოს ყველა პაციენტისთვის, ვინც ამას საჭიროებს. პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ჯანდაცვის სამინისტრომ უფასოდ გადასცა ფიბროსკანის აპარატი, რომელიც აუცილებელია C ჰეპატიტის პროგრამის განხორციელებისთვის, ის განსაზღვრავს ღვიძლის დაზიანების ხარისხს. სახელმწიფო მუდმივ მეთვალყურეობას უწევს ყველა პროვაიდერ კლინიკას, რათა არ შეფერხდეს პროგრამის მიმდინარეობა და პაციენტისთვის დორული და ხარისხიანი მომსახურების მიწოდება", - განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ.