„ვალეს" საბაჟო გამშვებ პუნქტზე მებაჟე-ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის შემთხვევები გამოავლინეს.
10 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველ მედიკამენტ OPIDOL-ს მებაჟე-ოფიცრებმა ავტომობილში მიაგნეს, რომელსაც ირანის მოქალაქე ჰ.ჰ. მართავდა.
მათი განცხადებით, ავტომობილი ეჭვის საფუძველზე იქნა დათვალიერებული.
„იმავე დღეს, ასევე ირანის მოქალაქე მ.ჰ.-ის კუთვნილი ბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები DIPHNOKIM - 20 აბი და ACETAMINOPHEN CODEINE- 10 აბი აღმოაჩინეს", - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
უწყების ინფორმაციით, საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.
„ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის უკანონო შემოტანის მცდელობა გამოვლინდა 11 იანვარსაც საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფზეც". თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული საქართველოს მოქალაქე ნ.ი.-ის კუთვნილი ბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად მებაჟე ოფიცრებმა 39 აბი APRANAX PLUS აღმოაჩინეს", - აღნიშნავენ უწყებაში.
საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით ამ შემთხვევაში საქართველოს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონულ სამმართველოს გადაეცა.