ბათუმის საქალაქო სამმართველოს ცენტრალური აპარატის და ბათუმის საქალაქო სამმართველოს 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა, ბათუმში რამდენიმე ადგილას ერთდროულად ჩატარებული ოპერატიული-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ბრალდებით სამი სხვადასხვა სასტუმროს და ერთი კაფე-ბარის დროებითი მფლობელები, იქ მომუშავე რამდენიმე პირი და ასევე, ერთ-ერთი ბინის მეპატრონე დააკავეს. დაკავებული არიან: ბათუმის აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე სასტუმრო „ელეგანტი"-ს დროებითი მფლობელი - 1990 წელს დაბადებული თურქეთის მოქალაქე ბურთან ე, ამავე სასტუმროს დირექტორი - 1974 წელს დაბადებული გიორგი მ. და ადმინისტრატორი - 1966 წელს დაბადებული ანასტასია ხ, ასევე, სასტუმროს თანამშრომელი - 1974 წელს დაბადებული თურქეთის მოქალაქე გუმუტ კ; ბათუმში, რურუას ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ნინი"-ს მფლობელი - 1979 წელს დაბადებული ირანის რესპუბლიკის მოქალაქე მაჰმუდ ა; სასტუმრო „იქსი"-ს მფლობელი - 1965 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ინგა ბ, რომელიც წარსულში იგივე დანაშაულისთვისაა ნასამართლევი. სამართალდამცველებმა ასევე დააკავეს კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარის დროებითი მფლობელი, 1970 წელს დაბადებული ძაბული ვ. იგი კაფე-ბარის მე-2 სართულზე მდებარე ოთახს პროსტიტუციისათვის აქირავებდა. ასევე დაკავებულია ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრები, 1954 წელს დაბადებული ტანია პ, რომელიც საკუთარ საცხოვრებელ ბინას პროსტიტუციაში ჩართულ პირებს ფულის სანაცვლოდ უთმობდა. გამოძიების ფარგლებში, აღნიშნულ დაწესებულებებში მომუშავე 30-მდე ქალბატონი და ტანია პ-ს მეზობლები მოწმის სტატუსით დაიკითხნენ. გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ხუთივე ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 254-ე მუხლით).