"ტაბულას" თანამშრომლებს, რომლებიც თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე (ყოფილი ლესელიძის ქუჩა) რესტორან "ჭაშნაგირში" ვახშმობდნენ, სამი უცნობი მამაკაცი თავს დაესხა.
ინფორმაციას შემთხვევის ადგილიდან სოციალურ ქსელში ავრცელებს ლევან სუთიძე. მისი ინფორმაციით, უცნობ მამაკაცთა თავდასხმის მოტივი "ეკლესიის გინება" იყო. ლევან სუთიძე წერს, რომ უცნობებმა მაგიდები დალეწეს. ფოტოზე ჩანს, რომ ჭურჭელიც დამსხვრეულია. "პატრულს ველოდებით", - აღნიშნავს სუთიძე.
მომხდარს გამოეხმაურა "ტაბულას" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილიც, რომელიც საქართველოში არ იმყოფება:
„ტაბულას ჟურნალისტებს, ნინო მაჭარაშვილს, ლევანს სუთიძეს, ირაკლი კიკნაველიძეს და ტაბულას ყოფილ ჟურნალისტს, ავთო ქორიძეს, ლესელიძეზე, რესტორან „ჭაშნაგირში" დაესხნენ თავს. მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული. რესტორანი დალეწილია. პატრული ადგილზეა.
თავდასხმის მოტივი ეკლესიის კრიტიკა და სუთიძის და კიკნაველიძის მიერ ბესელია/კობახიძის მიერ პოლიტპატიმრად შერაცხული უგვანი არსების, გაბედავას წინააღმდეგ მიცემული ჩვენებებია.
სამწუხაროდ მე საქართველოში არ ვარ, მაგრამ მთავრობას ვურჩევ დროულად იპოვოს სიძულვილის ნიადაგზე დანაშაულის ჩამდენები", - წერს ჩერგოლეიშვილი.
„რეპორტიორი" გმობს ჟურნალისტებზე თავდასხმის, ძალადობის, აგრესიის ყოველგვარ გამოვლინებას.