თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს - სენატის წევრის ირაკლი კუპრაძისა და თსუ-ს სტუდენტების ღია წერილი თსუ-ის კანცლერობის კანდიდატებს:
ბატონებო,
საყოველთაოდ ცნობილია, რომ კანცლერის პოსტი უნივერსიტეტში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და საპასუხისმგებლო თანამდებობაა. სახელმწიფო სასწავლებლებში კანცლერები ადმინისტრაციას ხელმძღვანელობენ და უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკურ, ფინანსურ რესურსებს განკარგავენ. კანცლერის მონაწილეობის გარეშე წარმოუდგენელია ნებისმიერი შიდასტრუქტურული რეფორმის განხორციელება. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ნათელია, რომ მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში უნივერსიტეტისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხი გადაწყდება.
ჩვენი სურვილია, რომ თსუ-ის ახალი კანცლერის არჩევნებმა სტუდენტთა თანამონაწილეობის გარეშე არ ჩაიაროს. შესაბამისად, ყველა დასახელებულ კანდიდატს მეტი ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობისათვის წარსულში დანერგილი ტრადიციის გაგრძელებას ვთავაზობთ - 2013 წელს რექტორის არჩევნებს წინ საჯარო დებატები უძღოდა ( იხ. https://youtu.be/VzTRa4-9z3Q ).
ჩვენ მზად ვართ ორგანიზება კიდევ ერთხელ გავუწიოთ კანდიდატთა შორის დისკუსიას, რომელიც თანასწორობის პრინციპის სრული და უმკაცრესი დაცვით ჩატარდება (10 წ თითოეულ მომხსენებელს, თითო კითხვის უფლება ყველა მომხსენებელს, 5-7 კითხვა აუდიტორიიდან. დასწრების უფლება ყველას ექნება, კითხვებს კი მხოლოდ სტუდენტები დასვამენ).
ვფიქრობთ, რომ ამგვარი ფორმატით მუშაობა სასარგებლო იქნება საუნივერსიტეტო საზოგადოების იმ ნაწილისათვის, რომელიც თქვენ შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. დებატები საკუთარი პოზიციებისა და უპირატესობის წარმოჩენის საშუალებას მოგცემთ.
შეძლებთ კონკურენტთა შესაძლებლობების შეფასებასაც. რაც მთავარია, არჩევის შემთხვევაში თქვენ აუცილებლად მოგიწევთ სტუდენტებთან ინტენსიური ურთიერთობა საუნივერსიტეტო პოლიტიკის საკითხებზე. დებატებში მონაწილეობა ამ გზაზე პირველი ნაბიჯის გადადგმის შანსსაც გაძლევთ.
დებატები აკადემიური საბჭოს განხილვებამდე, ფაქტობრივ არჩევნებამდე უნდა გაიმართოს. საორიენტაციო თარიღად გთავაზობთ 18 იანვარს, დღის სამ საათს. ღია წერილი სოციალური ქსელებით გავრცელდება. ამასთანავე, გაიგზავნება ჩვენი რესურსებით მოპოვებულ ელექტრონულ მისამართებზე.
თსუ-ის რექტორატის წარმომადგენლებს ვთხოვთ, რომ კანდიდატებს დამატებით შეატყობინონ ჩვენი ინიციატივის შესახებ და მოგვეხმარონ #115 აუდიტორიის დაჯავშნაში.
წარმატებებს გისურვებთ და იმედი გვაქვს, რომ დემოკრატიული წესების დამკვიდრებაში მოგვეხმარებით.
პატივისცემით,
თსუ-ს სტუდენტები:
მარიამ გულიაშვილი
სოფიო კობიძე
თორნიკე ართქმელაძე
გიორგი არობელიძე
ლევან ლორთქიფანიძე
ზურაბ მენაღარიშვილი
სანდრო ტაბატაძე
თორნიკე შევარდნაძე
დათო კესარელი
ირაკლი კუპრაძე
(ვავრცელებთ სიმბოლურად მხოლოდ რამდენიმე ხელმოწერით)
წყარო:https://iraklikupradze.wordpress.com