თბილისის ანძა დღეს ლიტვის ეროვნული დროშის ფერებში განათდა.
საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს ინფორმაციით, ვილნიუსის 1991 წლის 13 იანვრის სისხლიანი მოვლენებიდან, რომელიც თბილისში 9 აპრილს განვითარებული ტრაგიკული მოვლენების ანალოგია, დღეს 25 წელიწადი შესრულდა. ამ დღის აღსანიშნავად ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში გიედრიუს პუოჯუნასმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ლიტვის საელჩოს ორგანიზებით, საპარლამენტო ბიბლიოთეკაში გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ბარამიძემ და მწერალმა დავით ტურაშვილმა მიიღეს. საღამოს კი ლიტველი ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისის ანძა ლიტვის ეროვნული დროშის ფერებში განათდა.
"თბილისის ანძის განათებას მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან 13 იანვრის ღამის სიმბოლო სწორედ ვილნიუსის სატელევიზიო ანძაა. 13 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის საღამოს ეთერში ლიტვის უმაღლესი საბჭოს იმდროინდელი თავმჯდომარის, ვიტაუტას ლანდსბერგისის ინტერვიუ და ლიტველი და შვედი რეჟისორების დოკუმენტური ფილმი "თავისუფლების ტრაექტორია" გავა", - ნათქვამია ინფორმაციაში.