საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, საავტომობილო გზების ოთხ მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) ახალქალაქი-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
მათივე ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.
თოვლის და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ100-კმ188 (ლახამურა-უშგული) მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ1-კმ99 (ზუგდიდი-ლახამურა) მონაკვეთზე ყველა სახისავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარბუქის და დაბალი ხილვადობის გამო), კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი-როდიონოვკა(ფარავანი) მონაკვეთზე კმ94-კმ110), ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.