დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ თბილისის მერის მოადგილის პოსტზე გიორგი ლილუაშვილის დანიშვნა ბევრმა ფაქტორმა განაპირობა. ნარმანიას განცხადებით, გიორგი ლილუაშვილთან მას 15 წლის ნაცნობობა და მეგობრობა აკავშირებს და საჯარო სექტორში ერთად მუშაობდნენ.
„ბატონი გიორგი ლილუაშვილი ჩემი 15 წლის ნაცნობი და მეგობარია. ჩვენ ერთად ვმუშაობდით დიდი ხნის წინ საჯარო სექტორში. ამის შემდეგ გავაგრძელეთ ურთიერთობა პოლიტიკურ გუნდში. ბოლო პერიოდში ერთად ვიყავით და ბევრმა ფაქტორმა განაპირობა ის, რომ მე რამდენიმე კანდიდატს შორის ვიხილავდი გიორგის კანდიდატურასაც. საბოლოოდ, გუშინ გვიან გავაკეთეთ არჩევანი და დღეს წარვადგინე მისი კანდიდატურა", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში მერიაში სხვა საკადრო გადაწყვეტილებები მოსალოდნელი არ არის. თბილისის მერის მოადგილის პოსტზე გიორგი ლილუაშვილის კანდიდატურას მერია, თბილისის საკრებულოს განსახილველად და დასამტკიცებლად დღესვე გადაუგზავნის.