„ადამიანის უფლებათა ცენტრის" ადვოკატი თამარ ავალიანი საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის უფლებებს დაიცავს, ამასთან დაკავშირებით, ჟურნალისტების კითხვაზე - რატომ აიყვანა ადვოკატი და ხომ არ ხედავს საფრთხეს, რომ მას სამართლებრივი პრობლემები შეექმნას, ელისაშვილმა ადვოკატთან და „ადამიანის უფლებათა ცენტრის" დირექტორთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი ერთადერთი დანაშაული არის ის, რომ დიდი ცხვირი აქვს.
„ერთადერთი ჩემი დანაშაული ის არის, რომ დიდი ცხვირი მაქვს. ბავშვობაში რომ მარწყვი მოვიპარე, ამას ვერ გაიგებენ. ჩემს მიმართ, რაიმე სამართლებრივი პრეტენზიის საფუძველი არ არსებობს. ადვოკატის აყვანა იმიტომ გადავწყვიტე, რომ პროკურატურასთან მხოლოდ ფორმალურად ვითანამშრომლებ. ხშირად ხდება ყურადღების გადატანა სხვა საკითხებზე და ადვოკატთან ერთად, ფეხდაფეხ მივყვები ყველაფერს.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დამიდასტურეს გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პროკურატურამ ცესკოდან ჩემი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია გამოითხოვა.
არ ვიცი, ეს რატომ მოხდა, რა კავშირი აქვს მიმდინარე გამოძიებასთან სარეგისტრაციო დოუმენტაციას და იკვლევენ თუ არა ჩემი საინიციატივო ჯგუფის წევრებს. ჯერჯერობით ამას ვერ მივხვდი", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.