სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონში სამოქალაქო ახალ წელთან დაკავშირებით პარაკლისი გადაიხადა და ტაძარში შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართა:
„ჯოჯოხეთში სასუფევლამდე აღმართულია კიბე და ზოგი მაღლა მიდის, ზოგი დაბლა. როდესაც ჩვენ ვეკითხებით ჩვენს თავს, შეიცანი თავი შენი, ჩვენ უნდა შევეკითხოთ ჩვენს თავს, ამ კიბეზე სად ვართ და საით მივდივართ. ღმერთმა ინებოს, რომ ყველანი მაღლა წავიდეთ.
ყოველ წელს, ყოველ საუკუნეს, ათასწლეულს თავისი თვისება აქვს, რაღაცით გამორჩეულია.
მეოცე საუკუნე ცნობილია ჩვენთვის კიდევ იმით, რომ მან წარმოშვა ორი მსოფლიო ომი. მარტო მეორე მსოფლიო ომში რამდენიმე ათეულობით მილიონი ადამიანი დაიღუპა.
ჩვენ შევთხოვთ უფალს, მომავალი წლები იყოს მშვიდობიანი. აუცილებლად გვაკმარებს უფალი ტანჯვას, თუ ჩვენ ახლოს ვიქნებით უფალთან, თუ ჩვენ გავუღებთ მას კარს. ჩვენ ამისთვის ვლოცულობთ. მოხდეს შეერთება და დაახლოება ადამიანსა და უფალს შორის", - განაცხადა უწმინდესმა.