რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ილია ზედგენიძე მის საარჩევნო პროგრამაძე საუბრობს და აღნიშნავს, რომ პროგრამა, რომლის პრეზენტაციაც 20 იანვარს სასტუმრო Holiday Inn-ში გაიმართება ძირითადად კლუბების გაძლიერებასა და ახალგაზრდებისთვის ხელის შეწყობას ეთმობა.
„რაგბი ჩემთვის ოჯახია. არჩევნები ბრძოლაა და მე ჩემს გუნდთან ერთად, გამარჯვების მისაღწევად, ბოლომდე ვიბრძოლებ.
ჩემი პროგრამის პრეზენტაცია 20 იანვარს Holiday Inn-ში იქნება, რომლის მთავარი გზავნილებია - შიდა ჩემპიონატი, კლუბების გაძლიერება, სასკოლო და სტუდენტური რაგბი, აკადემიები... ეროვნული ნაკრები ჩვენი სავიზიტო ბარათია. ესაა პირამიდის მწვერვალი, რომელმაც ქართული რაგბის მდგომარეობა უნდა ასახოს. მორაგბესთან ერთად, სარაგბო სპექტაკლის მონაწილე არის მსაჯი და ამ მხრივაც, ბევრი მუშაობაა საჭირო." - განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა გადაცემაშ „2030."
„90-იანებში საფრანგეთში მორაგბეთა გადინება დაიწყო. საიდანაც, შემდეგ ჩვენი ნაკრების შევსება მოხდა. შედეგი არაჩვეულებრივი იყო. მსოფლიო თასზე 2-ჯერ გამარჯვების მიღწევა ცოტას არ ნიშნავს. ამის განმეორება რთულია და ამისთვის ძალიან დიდი მუშაობა უნდა გავწიოთ. გვჭირდება მეტი დამოუკიდებლობა. სახელმწიფო ჩვენი ერთ-ერთი მდგრადი პარტნიორია. თუმცა, მხოლოდ სახელმწიფო სახსრებზე დამოკიდებულნი არ უნდა ვიყოთ და დამატებითი სახსრებიც უნდა მოვიზიდოთ." - აღნიშნა ილია ზედგენიძემ.
სარაგბო კლუბმა „ფირალებმა" სრკ-ს პრეზიდენტობის კანდიდატად ილია ზედგინიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატად გუშინ წარადგინა.
რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 24 იანვარს სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში გაიმართება.
ამ ეტაპზე წარდგენილია ორი კანდიდატი: გოჩა სვანიძე და ილია ზედგინიძე.