შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული ვასილ ა. თბილისში, ვეშაპურის ქუჩაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ვასილ ა-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „ა-კა-ეს"-ის მოდელის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „ა-კა-ემ"-ის მოდელის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „ერ-პე-გე-18"-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ხელის ყუმბარმტყორცნი და 176 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).