კომპანია „თბილისის მიკროავტობუსებში" მხოლოდ ერთი რადიო ტალღა იქნება ჩართული, რომლის ლიცენზიაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს რეჟისორ გოგა ხაინდრავას რადიო „თანამგზავრს" (შპს "მომხმარებელთა საყურადღებოდ") გასცა.
როგორც გოგა ხაინდრავამ „აიპრესთან" საუბრისას განაცხადა, რადიო „თანამგზავრი" მიკროავტობუსებში მაუწყებლობას, კომუნიკაციების კომისიიდან ლიცენზიის ოფიციალურად მიღებიდან 1 თვეში დაიწყებს.
რადიო სიხშირეზე ლიცენზიის მოპოვებას რადიო "თანამგზავრის" გარდა რადიო "არ დაიდარდო" (შპს „ახალი რადიო", წარმომადგენელი ბეგლარ ლოგუა) ცდილობდა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, აღნიშნული ლიცენზიის მფლობელი გოგა ხაინდრავას რადიო გახდა.
მისი კონცეფციის ერთ-ერთი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებები გაფორმებულია ყვითელი მიკროავტობუსების მძღოლებთან. ხელშეკრულების მიხედვით კი, მიკროავტობუსებში მხოლოდ ერთი რადიო ტალღა, „თანამგზავრი" იქნება ჩართული.
როგორც ხაინდრავამ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხდომაზე განმარტა, მას ექსკლუზიური კონტრაქტი აქვს გაფორმებული კომპანია „თბილისი მიკროავტობუსთან", რომლის შედეგად რადიო სადგურს გარანტირებული მსმენელი ეყოლება.
„ექსკლუზიური კონტრაქტი კომპანია „თბილისი მიკროავტობუსთან" მაქვს, რომლის შედეგად ჩვენ რადიო სადგურს გარანტირებული მსმენელი ეყოლება. დამერწმუნება ნებისმიერი ადამიანი, რომ მუსიკალური პროგრამების მდარე ხარისხის თვალსაზრისით რთული მდგომარეობაა. აქ აღარ არის საუბარი გემოვნებაზე. აქ საუბარია პაპსაზე, ლილოს ბაზრობის დონის მუსიკალური პროგრამებით არის გაჯერებული პროგრამები.
მე ზუსტად ვიცი, ვინ რას უსმენს. ისიც ზუსტად ვიცი, რა დროს რას უსმენენ.
ყველა კონკრეტულ მძღოლთან გვარით, სახელით, პასპორტის ნომერით, ხელმოწერებით არის ხელშეკრულებები დადებული.
ხელშეკრულების პირობების თანახმად მიკროავტობუსების მძღოლები ვალდებულნი არიან ჩართონ რადიო „თანამგზავრი", - აღნიშნა ხაინდრავამ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობას რადიო „არ დაიდარდოს" (შპს „ახალი რადიო") წამყვანი ბეგლარ ლოგუაც იღებდა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრების გადაწყვეტილებით ლიცენზია რადიოს სიხშირეზე გოგა ხაინდრავას გადაეცა.
წყარო: ipress.ge