დონეცკის გუბერნატორი პაველ ჟებრივსკი სოციალური ქსელის მეშვეობით ოდესის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს საკუთარ ოლქს მიხედოს და სხვის საქმეებში ნუ ერევა.
„არ შემიძლია უკვე ამ სულელურ პიარზე გაჩუმება. ორი დღის წინ, დონეცკში „პიარშიკი" სააკაშვილი იყო ჩამოსული და განაცხადა, რომ ოდესის ბატალიონს არ აქვს სათანადოდ მოწყობილი ტუალეტები და დიდის ამბით შეპირდა მათ, რომ ამ ყველაფერს მოაგვარებდა. მინდა გითხრათ, რომ ოდესის გუბერნიის ხელმძღვანელობა ყოველთვის გულშემატკივრობდა თავის ბატალიონს, მაგრამ ამით პიარს არ იკეთებდნენ.
დონეცკის ოლქს ბევრი პრობლემა აქვს და ჩვენ ყველასი მადლობელი ვართ, ვინც გულგრილი არ არის ჩვენი პრობლემების მიმართ.
ბატონო სააკაშვილო, ოდესის პრობლემებს მიხედეთ, მგონი, დიდი ხანია ოდესაში არც კი ყოფილხართ. არჩევნები ჩვენთან ჯერ არ დაწყებულა. პოპულიზმს უკრაინისთვის კარგი არაფერი მოუტანია" - წერს პავლე ჟებრივსკი.