ამბავი იმისა, თუ როგორ დასაჯეს თბილისელი მოფარიკავე იური ოსიპოვი საბჭოთა ჩინოვნიკებმა და როგორ მიიღო მან 50 წლის დაგვიანებით მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედალი.
დაიბადა შორეულ 1937 წელს, ქალაქ სტალინგრადში (ახლა ვოლგოგრადი), დიდი საბჭოთა რეპრესიების პერიოდში. სამწუხაროდ, ვერც მისი ოჯახი გადაურჩა სახელმწიფო მანქანას და მამა ოსიპ ოსიპოვი დააპატიმრეს. დედამ სამი მცირეწლოვანი ბავშვით, ბევრი წვალების შემდეგ, თბილისში ჩამოაღწია. აქ, ვერაზე, კეთილმა ადამიანებმა შეიფარეს და იური ოსიპოვიც თბილისის ამ კოლორიტულ უბანში გაიზარდა. ალექსანდრ დიუმას „სამ მუშკეტერზე" შეყვარებული მისი თაობის ბიჭები ყველაფერში დარტანიანს ბაძავდნენ, ბედად, ვერის ბაღში საფარიკაო დარბაზიც იყო და ისე გამოვიდა, რომ იური ოსიპოვი მეგობრებთან ერთად მოფარიკავე გახდა. ამ ახალგაზრდებს თამამად შეგვიძლია „ოქროს თაობა" ვუწოდოთ, ვინ მოთვლის რამდენი სასახელო გამარჯვება მოუტანეს ვერის ბაღში გამოზრდილმა მუშკეტერებმა საქართველოს: ძმები გოგი, კოტე და არჩილ გოგელიები, გია ცაგარელი, მორის სახვაძე, მალხაზ ადეიშვილი, ნუგზარ ასათიანი, გურამ კოსტავა და სხვები არაერთხელ ავიდნენ მსოფლიოსა და ოლიმპიური თამაშების უმაღლეს კვარცხლბეკზე. აი, ამ წრეში გაიზარდა და დაოსტატდა იური ოსიპოვიც. 19 წლისა მელბურნის ოლიმპიადაზე წაიყვანეს და თავი არც იქ შეურცხვენია, ნახევარფინალში გასვლა უდავოდ წარმატება იყო ამ ასაკში. ამას მოჰყვა გამარჯვებები საკავშირო და საერთაშორისო სარბიელზე და ერთ მშვენიერ დღეს იური ოსიპოვი მოსკოვში, საკავშირო სპორტკომიტეტში დაიბარეს. შეახსენეს, რომ ეროვნებით რუსია და თუ მოსკოვში გადასვლას დათანხმდებოდა, ბინას, მანქანას და სხვა უამრავ პრივილეგიას მიიღებდა. პასუხი მოკლე იყო: მე გავიზარდე საქართველოში და თუ რამეს მივაღწევ, მხოლოდ ამ ქვეყნის სახელით. ამ სიტყვების მთქმელმა კარგად უწყოდა, რომ წინ კარგი არაფერი ელოდა, მაგრამ ქართველი მეგიბრებისა და საქართველოს ღალატი მისთვის მიუღებელი გახლდათ. დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია.
1962 წლის ზაფხულში, არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში, მსოფლიოს ჩემპიონატი იმართებოდა. იური ოსიპოვი ნაკრების ერთერთი ლიდერი, ყოველგავრი ახსნა- განმარტების გარეშე, გუნდიდან დაითხოვეს. მუშკეტერთა სამყაროში მეგობრობა და თანადგომა, დარტანიანისა და ათოსის ეპოქიდან მოყოლებული, საოცრად მტკიცე მცნება იყო, მაშინვე ხმა ამოიღეს მსოფლიოსა ოლიმპიურმა ჩემპიონებმა: გერმან სვეშნიკოვმა, ვიქტორ ჟდანოვიჩმა, იური სისიკინმა და სხვებმა და კატეგორიულად მოითხოვეს მეგობრის ნაკრებში დაბრუნება. მოხდა საოცრება, მათი თხოვნა თუ მოთხოვნა გაითვალისწინეს და ბატონი იური არგენტინაში გაემგზავრა. საბჭოთა ნაკრებმა წარმატებით დასძლია საწყისი ეტაპები და ფინალში გავიდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იური ოსიპოვის გამოსვლა გამოდგა. მეოთხედფინალში, ფრანგებთან დაპირისპირებაში ანგარიში საყაიმო იყო, როდესაც ბილიკზე უხმეს ბოლო მონაწილეებს იური ოსიპოვს და ოთხგზის მსოფლიოს ჩემპიონ, დარტანიანად მონათლულ ლეგენდარულ კრისტიან დორიოლას. საბჭოთა სპორტსმენის გამარჯვება იმდენად შთამბეჭდავი და დამაჯერებელი იყო, რომ ის ადამიანებიც კი ცრემლიანი თვალებით ულოცავდნენ, ვისაც სპეციალური დავალება ჰქონდათ მიღებული და მზაკვრული გეგმა უნდა განეხორციელებინათ.
გეგმა კი ასეთი გახლდათ: ძირითად გუნდში 5 რაპირისტი ირიცხებოდა, მეექვსე, სათადარიგოს მხოლოდ რომელიმეს ტრავმის შემთხვევაში შეეძლო ასპარეზობა. 26 ივნისს, ფინალის წინ, ნაკრების მწვრთნელებმა, კიდევ ერთხელ შესთავაზეს მოსკოვში გადაბარგება და ისევ იგივე პასუხი მიიღეს. მეორე დილით, როდესაც საფინალო შემადგენლობა დაასახელეს, იქ იური ოსიპოვის ნაცვლად ევგენი რიუმინი იყო შეყვანილი. ბევრი იდავეს მუშკეტერებმა, მათ შორის ევგენი რიუმინმაც, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო. ისევ ბატონმა იურიმ გადაწყვიტა ეს დავა, მეგობრებს სთხოვა მის მაგივრადაც ეომათ და გზა დაულოცა. ძაღლის თავი კი აი, სად იყო დამარხული: ჩემპიონის ოქროს მედალს მიიღებდნენ მხოლოდ ძირითადი გუნდის წევრები და არა სათადარიგო. ასე და ამგვარად დასაჯეს ურჩი მოფარიკავე საბჭოთა ჩინოვნიკებმა.
ამ ამბებიდან 50 წელი გავიდა. 2012 წელს ქართველ მუშკეტერთა თემი ღირსშესანიშნავი თარიღისთვის ემზადებოდა. საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ იური ოსიპოვს 75 წელი უსრულდებოდა. ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციიდან თბილისს სახელოვანი უნგრელი ეინო კამუტი ესტუმრა, სწორედ იმ ფინალური შეხვედრის მონაწილე. სპეციალურ მილოცვაში მუშკეტერთა დიდი ოჯახი იუბილეს ულოცავდა მსოფლიოს ჩემპიონ იური ოსიპოვს. ბატონმა იურიმ თავის ძველ მტერ-მეგობარს განუმარტა, რომ ის მსოფლიოს ჩემპიონი არ გამხდარა. სწორედ ამ დღეს გაირკვა რა მოხდა 50 წლის წინ ბუენოს აირესში. საბჭოთა ნაკრებმა ფინალში უნგრელები კი დაამარცხა, მაგრამ ევგენი რიუმინს არ უასპარეზია, მაშინ ყველამ იფიქრა, რომ მწვრთნელებმა აქცენტი გამოცდილებაზე გააკეთეს, თუმცა ეს ასე არ ყოფილა. როდესაც ნაკრების მესვეურებს შეჯიბრის ორგანიზატორებისთვის ცვლილების შესახებ ცნობა მიუტანიათ, მათ შეახსენეს, რომ დებულების თანახმად, ეს ადრე უნდა გაეკეთებინათ და უკვე დაგვიანებული იყო, ხოლო ოქროს მედლებს მიიღებდნენ ის მოფარიკავეები ვინც გუნდი ამ ეტაპამდე მოიყვანა. რა თქმა უნდა ოქროს მედალი იური ოსიპოვის სახელზეც დახლდათ, მაგრამ მას ეს დაუმალეს.
სამართალმა მაინც იზეიმა, მართალია 50 წლის მერე, მაგრამ იზეიმა. ეინო კამუტიმ, 75 წლის ქართველ მუშკეტერს, კუთვნილი ოქროს მედალი საზეიმო ვითარებაში გადასცა.
წყარო: sputnik-georgia.com