ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურორის მკვლელობასა და ფოთის რაიონულ პროკურორზე თავდასხმას შორის კავშირი არ არის.
„საკმაოდ მძიმე შემთხვევაა რაც მოხდა. ორივე საქმე ძალიან მძიმეა და ორივე შემთხვევაში ეს იყო სასიკვდილოდ გასროლილი ტყვიები. როგორც მე მაქვს ინფორმაცია ამ ორ შემთხვევას შორის კავშირი არ არის. ეს არის ორი დამოუკიდებელი საქმე. ჩემი ინფომაციით, ორივე საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და დაველოდოთ მის შედეგებს. მე იმედი მაქვს, რომ მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტება მალევე დადგინდება. რაც შეეხება ფოთის პროკურორს, მე მასთან ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს და ინტენსიურად ვკითხულობ რა ხდება ამ საქმის ირგვლივ. მაქვს ინფორმაცია და მოლოდინი იმისა, რომ ეს დანაშაული გაიხსნება და დადგინდება ვის მიერ და რატომ იქნა ჩადენილი ეს თავდასხმა. ამ ორ ქმედებას შორის ჩვენი უწყებები ბმას და კავშირს გამორიცხავენ.
რაც შეეხება კრიმინალის ზრდას, ოფიციალური სტატისტიკით წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, დანაშაულის ზრდა არ არის, დანაშაულის გახნის კოეფიციენტი უფრო მაღალია ვიდრე იყო წინა წელს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.