მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებსა და პრემიერ-მინისტრის ახალ ინიციატივებზე „Prime Time"-ს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ესაუბრა. კვაჭანტირაძის განცხადებით, პარლამენტში მთავრობის დამტკიცების დროს გიორგი კვირიკაშვილმა ბევრი ახალი და მნიშვნელოვანი ინიციატივა გაახმოვანა. მისი თქმით, მისასალმებელია საზოგადოებასა და სამოქალაქო სექტორთან კომუნიკაციის ახალი კულტურის ჩამოყალიბების ინიციატივა:
„მთავრობა, ახალი პრემიერ-მინისტრის პირობებში დიდი ძალისხმევით შეუდგა ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის პრობლემების გადაჭრას. პარლამენტში მთავრობის დამტკიცების დროს გიორგი კვირიკაშვილმა ბევრი ახალი და მნიშვნელოვანი ინიციატივა გაახმოვანა. მათ შორისაა განათლების სისტემის რეფორმირების გეგმა, სტარტაპების დაფინანსების პროგრამა, რომელიც საფუძველს ჩაუყრის ბევრი საინტერესო პროექტის განვითარებს. ჩემი აზრით, მისასალმებელია საზოგადოებასა და სამოქალაქო სექტორთან კომუნიკაციის ახალი კულტურის ჩამოყალიბების ინიციატივაც, რაც ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაციას შეუწყობს ხელს. ამის აქტიური მომხრე და ხელშემწყობი მუდმივად ვიყავი და ვიქნები.
რაც შეეხება მთავრობის შემადგენლობას, თქვენ იცით, რომ ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა არ გამორიცხა ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში. ჩვენი გუნდი ამ საკითხზე იმსჯელებს და პრემიერ-მინისტრი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. მანამდე კი განცხადებების გაკეთება და ვარაუდებზე საუბარი მიზანშეწონილად არ მიმაჩნია", - ამბობს ზვიად კვაჭანტირაძე.
მოამზადა სოფო ხუგოიანმა
წყარო: Prime Time