„გამოვრიცხავთ თვითმკვლელობას, ეს არის განზრახ მკვლელობა", - ამის შესახებ გარდაცვლილი ბიძინა კუჭავას ოჯახის ადვოკატმა ნათია კირკიტაძემ დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ ცხედრის გარეგანი დათვალიერების დასრულების შემდეგ განუცხადა.
ნათია კირკიტაძის თქმით, ოჯახისთვის უცნობია იმ ორი პიროვნების ვინაობა, რომელიც გარდაცვალების დროს ბიძინა კუჭავასთან ერთად იმყოფებოდა, დაკითხვის დასრულების შემდეგ კი ერთ-ერთმა მათგანმა სახეზე ქუდი ჩამოიფარა, რათა არავის ეცნო.
"ოჯახის ვერსია და ჩვენი ვერსია არის ის, რომ გამოვრიცხავთ თვითმკვლელობას. ეს არის განზრახ მკვლელობა. ქალბატონმა მაია ნიკოლეიშვილმა ჩაატარა ცხედრის დათვალიერება. მიუხედავად იმისა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ჩაატარა სასამართლო ექსპერტიზა, გაჩენილია ძალიან ბევრი კითხვა. არის რაღაც კვალიც. სამოქალაქო საზოგადოებას ყველა კითხვაზე გაეცემა პასუხი, რადგან დაინტერესება არის ძალიან დიდი და არ შეიძლება ადამიანზე, რომელზეც ჯერ არ არის დადგენილი თვითმკვლელობა, იყო თუ არა განზრახ მკვლელობა, წინასწარ ასეთი რაღაცეების საუბარი. ამიტომ ძალიან ვთხოვ ყველას, ნუ გაავრცელებენ ჭორებს, ნუ იქნება საქმე აგებული ბინძურ პიარზე. საეჭვო ზარები არ ყოფილა, საღამოს, 16-ში ბატონი ბიძინა მიდიოდა შეხვედრაზე, როგორც მისმა მეუღლემ გადმოგვცა და ორი საათის შემდეგ უკვე მას ტელეფონი გათიშული ჰქონდა. ის ორი პირი დაიკითხა. მადნილოსანი როდესაც გამოვიდა პროკურატურიდან მან "კაპიუშონი" ჩამოიხურა, რომ სახე არავის დაენახა. თვითონ ოჯახი ამბობს, რომ ამ ქალბატონს არავინ იცნობს და არც კონტაქტზე არ გამოსულა არავინ ოჯახთან", - განაცხადა ნათია კირკიტაძემ.