ბიძინა კუჭავას მეუღლე მარინა ნიკოლოზიშვილი პროკურატურის მიერ წარმოებულ გამოძიებას და განცხადებებს არ ენდობა. როგორც ბრალდებულის მეუღლემ გადაცემაში „პრიორიტეტი" განაცხადა, მას არც ნაქირავები ბინის შესახებ სმენია რამე და არც ის პირები იცის, ვინც თვითმკვლელობის დროს კუჭავასთან ერთად მანქანაში იმყოფებოდა.
„თვითონ იმის წარმოდგენა, რო ბიძინას შეეძლო მოეკლა, აბსურდულია! ვახტანგ ქირია იმდენად ახლობელი ადამიანი იყო, რომ ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია.
ვახტანგ ქირიას ოჯახს და ჩვენს ოჯახს ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, ნათესავები იყვნენ. ჩემი მეუღლე ის დღეები სახლში იმყოფებოდა, ამის შესახებ გამოძიებასაც მოვახსენე. ისე არ ყოფილა, რომ ბიძინა კუჭავა სახლში მთელი დღის განმავლობაშ არ ყოფილიყო. ნაქირავები ბინის შესახებ არაფერი ვიცოდი, ამას ვერაფერს ვერ ვუკავშირებ. ისიც არ ვიცი, გამოძიება როგორ მიმდინარეობს."- განაცხადა გარდაცვლილის მეუღლემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, იცნობს თუ არა იმ ადამიანებს, რომლებიც კუჭავას თვითმკვლელობის დროს ავტომანქანაში იმყოფებოდნენ, ნიკოლოზიშვილმა განაცხადა, რომ არც კი იცის ბიძინა ვისთან ერთად იმყოფებოდა.
„ისიც არ ვიცი, ვის მანქანაში იჯდა კუჭავა, როდესაც პოლიციამ გააჩერა და ვისთან ერთად იჯდა არ ვიცი."- განაცხადა მარინა ნიკოლოზიშვილმა.
როგორც ცნობილია, მანქანაში, სადაც ბიძინა კუჭავა იმყოფებოდა აყვანის დროს, ორი ადამიანიც იმყოფებოდა.