reportiori.ge - მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 10:56
სპორტი
მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
19 ნოემბერი, 2013. 12:25

18 ნოემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერი ფეხბურთში საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, თემურ ქეცბაიას, დაეთმო. მისი ოპონენტები ფეხბურთზე მწერალი სპორტული ჟურნალისტები იყვნენ. შევეცადე ეს შეხვედრა ორგვარად შემეფასებინა: ერთი, როგორც ჟურნალისტს და მეორე როგორც რიგით გულშემატკივარს. პირველით დავიწყებ:


1) მომეჩვენა, რომ ჟურნალისტები ზედმეტად იყვნენ ემოციებს აყოლილები და საუბრის მთავარი ძარღვი გაექცათ; ამან ქეცბაიას წისქვილზე დაასხა წყალი, რადგან მიკროფონი მუდმივად ჩართული ჰქონდა და მისი საქართველოსთვის გულზე მჯიღის ცემა უფრო ისმოდა. ბევრმა საქმეში ჩაუხედავმა იქნებ გაიფიქრა კიდეც, რას ერჩის ეს ხალხი ქართულ ფეხბურთზე ასე შეყვარებულ კაცსო?


2) შეკითხვებს აკლდა კონკრეტიკა და პრაგმატულობა; შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩემი კოლეგები მაინც უფრთხილდებოდნენ ბატონი თემურის პიროვნებას და მწვავე შკითხვების დასმას შემოვლითი გზით ცდილობდნენ; სამაგიეროდ ნაკრების მთავარი დამრიგებელი არავის მორიდებია და ზოგჯერ მისი პასუხები შეურაცხმყოფელიც კი იყო.


3) არავინ დასვა მთავარი შეკითხვა: კონკრეტულად რა გააკეთა თემურ ქეცბაიამ როგორც მწვრთნელმა? მისი მხრიდან ძირითადად ფეხბურთელების კრიტიკა ისმოდა. ისე გამოვიდა, რომ ყველა ცუდია და ერთი კარგი ბატონი თემური რას გახდებოდა?


4) თემურ ქეცბაიას პათეტიკიდან გამომდინარე, გუნდი მის მოსვლამდე ჯერ  მეექვსეზე გავიდა, შემდეგ მეხუთეზე,ახლა მეოთხემდე ავმაღლდით და მომავალ ციკლში მესამე ადგილზე უნდა გავიდეს; მწვრთნელის საქმიანობის შეფასება არითმეტიკული რიცხვების მანიპულირებით არ ხდება. მწვრთნელის მუშაობის უმთავრესი კრიტერიუმი თამაშის ხარისხია. ის კი არა, ყაზახეთთან კარგად ვითამაშეთ და წავაგეთო, არამედ ესპანეთთან ცუდად კი ვითამაშეთ, მაგრამ მაინც მოვიგეთო (ისე არ აგვიდგა გვერდები უახლოესი 20 წელი მაინც). არც იმით ტრაბახი მგონია სწორი, ხუთი თავდამსხმელი ვათამაშე და მეტი რა გინდათო.


რა გვინდა ბატონო თემურ და კარგად გააზრებული ტაქტიკა, სწორი სტრატეგია, ვარჯიშებზე დამუშავებული კომბინაციები; თანამედროვე ფეხბურთი გვინდა ბატონო თემურ?! თქვენ ეს ვერ მოახერხეთ, უფრო მეტიც: ამ გუნდს მწვრთნელი საერთოდ თუ ჰყავს, არ ეტყობა.


ბოლოს, როგორც ჟურნალისტი გეტყვით: თქვენ თუ ჩემს კოლეგებზე უფრო ხმამაღლა იყვირეთ, იმას არ ნიშნავს,  რომ ფეხბურთი მათზე მეტად გიყვართ.

ახლა შევეცდები გუშინდელი შეხვედრა გულშემატკივრების პოზიციიდან შევაფასო:


ბატონო თემურ! ტელევიზიაში ჩემი პირველი ხელმძღვანელი ასე მეუბნებოდა: ეკრანთან მოკალათებულ მაყურებელს სულ არ აინტერესებს შენ თავში აგური დაგეცა, თუ ავტობუსი დაგეჯახა, მას უნდა ხარისხიანი გადაცემა იხილოსო. ამიტომ ჩემს სათქმელს მოკლედ მოგახსენებთ: არც მე და არც ათასობით ქართველ ქომაგს არ აინტერესებს რას მიაღწიეთ კვიპროსზე და მთვარეზე, არც ის გვაინტერესებს, რომელ ფეხბურთელთან იკინკლავეთ და რომელს გაებუტეთ, თქვენ წარმოიდგინეთ, არც მათი ზედმეტი წონა და IQ ხვდება ჩვენი ინტერესების არეალში. ჩვენ კარგი, გამართული, სანახაობრივი და შედეგიანი ფეხბურთი გვინდა, გვინდა სტადიონიდან გაღიმებულები დავბრუნდეთ; სხვა თუ არაფერი, ამ ყმაწვილების საცოდაობამ დაგვღალა, გულგატეხილი და ნირწამხდარი კაცი კი მოგეხსენებათ, მთვარეზე ვერ გაფრინდება.


P. S. ბატონო თემურ! გუშინდელ შეხვედრაზე ბრძანეთ (საბოლოო აზრი ასეთი გამოვიდა), ჩემი მუშაობა კარგად უნდა შეფასდესო. რა ვქნათ ჩვენ, რომ ლადო ასათიანის ლექსები გვაქვს წაკითხული და თან ძალიანაც მოგვწონს. ერთი სტრიქონი იმ ლექსებიდან კი ამ წერილის სათაურად გამოვიყენე.იქნებ გენიშნოთ?


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016