20 იანვარს ქართველი მწერლის ალექსანდრე ყაზბეგის დაბადების დღეა. ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი 1848 წლის 20 იანვარს სტეფანწმინდაში დაიბადა. ის გაიზარდა ხევის მმართველის მიხეილ ჩოფიკაშვილისა და ელისაბედ თარხნიშვილის ოჯახში.
მშობლებმა თბილისში ჯერ ჰაკეს, შემდეგ კანონიჩის პანსიონში მიაბარეს. 1863 წლიდან სწავლობდა კლასიკურ გიმნაზიაში, 1867-1870 წლებში - მოსკოვის სამეურნეო აკადემიაში. 1879 წლამდე მეცხვარედ იყო და ზედმიწევნით გაეცნო მოხევეთა ყოფას, გლეხი ხალხის სატკივარს, მეფის ხელისუფალთა და ხალხის ურთიერთობას და ეს პერიოდი ასახა თავის მოთხრობაში „ნამწყემსარის მოგონებანი". 1879 წლიდან თბილისში ცხოვრობდა და მუშაობდა თეატრში. პირველი მოთხრობა „ციცკა" 1880 გამოაქვეყნა. თანამშრომლობდა გაზეთ „დროებასა" და ილია ჭავჭავაძის „ივერიაში". 1881წელს „დროებაში" დაიბეჭდა „ელგუჯა", რომელმაც იმთავითვე დიდი მწერლის სახელი მოუპოვა. ამას მოჰყვა მოთხრობები და რომანები „ელისო", „მამის მკვლელი", „ციკო", „განკიცხული", „ხევისბერი გოჩა", „მოძღვარი".
მწერალი კარგად იცნობდა საქართველოს მთიანეთის ისტორიასა და ეთნოგრაფიას, მოხევეთა სულისკვეთებას, რაც წარმოჩნდა მის როგორც მხატვრულ, ისე ეთნოგრაფიულ-პუბლიცისტურ ნაწარმოებებში.
1886-1887 წლებში მძიმედ დაავადდა, 1890 წლიდან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იწვა, 1893 წლის 22 დეკემბერს კი გარდაიცვალა.
ალექსანდრე ყაზბეგი სტეფანწმინდაში დაკრძალეს.