შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით ვახტანგ ქირიას და ბიძინა კუჭავას საქმეები გაიყო.
„ამ საქმეს იძიებს პროკურატურა. ეს არის ისეთი შეკითხვა, რომლის დეტალური კომენტარისგან მე დღეს თავს შევიკავებ, რამეთუ ჩვენ გვაქვს კოორდინაცია. პროკურატურამ დღეიდან ეს პროცესი თვითონ გახსნა, მან მოახდინა მხარის ინფორმირება. ასევე, რამდენადაც ვიცი, კომუნიკაციას ამ საქმის დეტალებზე უკვე გააგრძელებს საქართველოს პროკურატურა", - განაცხადა თალაკვაძემ.
„რაც შეეხება იმის გამორიცხვას, რომ ვახტანგ ქირია საპროკურორო საქმიანობის და მის მიერ გამოძიებულ საქმეებზე ზეგავლენის მოხდენით მიზნით იქნა მოკლული, ეს გამოირიცხება ძალიან უბრალო და ძალიან ნათელი არგუმენტებით: ის არ მუშაობდა მაღალი პროფილის საქმეებზე და არ მუშაობდა ამ საქმეებზე მარტო, ის არ მუშაობდა მაღალი რისკის საქმეებზე და მას არც ერთხელ არ მოუთხოვია რაიმე სპეციალური დაცვის უზრუნველყოფა მისთვის იმის გამო, რომ რაიმე საფრთხე ემუქრებოდა.
ასევე, ნებისმიერი გამოძიება, განსაკუთრებით მაღალი პროფილის საქმეები, რომელსაც გამომძიებლები აწარმოებენ, არის დოკუმენტირებული გამოძიების ყველა ეტაპზე. თითოეული ფორმალური პროცედურა, ჩვენება, მტკიცებულებები და გარემოებათა მოპოვება არის იდენტიფიცირებული, დოკუმენტური და ეს არ ინახება რომელიმე ერთი ადამიანის ჯიბეში, ტელეფონში ან თუნდაც მის სახლში, კარადაში. ეს ინფორმაცია არის სახელმწიფო დაწესებულებაში სათანადოდ წესით შენახული. ასე რომ, რომელიმე პროკურორის ვინმეს მიერ ლიკვიდაცია ვერანაიარად ვერ იქნება თუნდაც 10%-იანი გარანტია, რომ ამ საქმეების გამოძიება შეწყდება, შეჩერდება ან სახელმწიფოს შეეშინდება ეს საქმეები გამოიძიოს.
ეს და სხვა გარემოებები, რომელზეც ჩვენ გამოძიების ინტერსებიდან გამომდინარე ჯერ ვერ ვსაუბრობთ, გამორიცხავს იმას, რომ ის მოკლეს იმის გამო, რომ იყო პროკურორი. თუმცა ეს იყო ძალიან მძიმე მკვლელობა", - განაცხადა თალაკვაძემ.