სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ეკლესიათა მეთაურების დიდი და წმინდა კრების წინა შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში გაემგზავრა.
ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
პატრიარქი ჟენევაში თანმხლებ პირებთან ერთად დღეს გაემგზავრა.
„მისი უწმინდესობის ოფიციალური თანმხლები პირები არიან: ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე) - საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე; გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა); პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე; ასევე: ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე); ბერი ანთიმოზი (ჯავახიშვილი)“. საპატრიარქოს ინფორმაციით, თავდაპირველად, შეხვედრა იგეგმებოდა კონსტანტინოპოლში, მაგრამ რიგი გარემოებების გათვალისწინებით, მსოფლიო პატრიარქმა სხდომა ჟენევაში, შამბეზის ცენტრში გადაიტანა. „აქ მოხდება პრობლემური საკითხების ხელახალი განხილვა და მომავალი კრების დღის წესრიგის განსაზღვრა. როგორც ცნობილია, სხდომებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ დაესწრებიან ანტიოქიის და პოლონეთის ეკლესიათა მეთაურები, ასევე ელადის (საბერძნეთის) მთავარეპისკოპოსი. ისინი დელეგაციებს აგზავნიან და მათი სახით იქნებიან წარმოდგენილნი", - განმარტავენ საპატრიარქოში.
შეხვედრა ექვს დღეს გასტანს და 28 იანვარს დასრულდება.