NBA ALL-STAR-ის აღმოსავლეთისა და დასავლეთის ვარსკვლავების გუნდების მონაწილეთა ვინაობა ოფიციალურად გამოცხადდა.
მატჩზე მოხვედრის შანსი პირველად ჰქონდა ზაზა ფაჩულიას, რომელსაც მიზნამდე 14 228 ხმა დააკლდა - 768,112 ხმით ფაჩულია მეოთხე ადგილზე გავიდა.
დასავლეთის წინახაზელთა სამეული კი შემდეგნაირად გამოიყურება: კობი ბრაიანტი - 1,891,614; კევინ დურანტი - 980,787; კავაი ლეონარდი - 782,339.
ხმის მიცემის პროცედურა თბილისის დროით 19 იანვარს, 08:59 საათზე დასრულდა. ხმის მიცემა მიმდინარეობდა NBA-ს ოფიციალური ვებგვერდით, „ფეისბუქით", „ტვიტერით", „გუგლ პლუსით" და „ინსტაგრამით".
გამოკითხვის შედეგად შერჩეული ხუთეულები ასე გამოიყურება:
აღმოსავლეთ კონფერენცია
ლებრონ ჯეიმსი („კლივლენდი"), პოლ ჯორჯი („ინდიანა"), კარმელო ენტონი („ნიუ იორკი"), დუეინ უეიდი („მაიამი"), კაილ ლოური („ტორონტო").
დასავლეთ კონფერენცია
კობი ბრაიანტი („ლეიკერსი"), კევინ დიურანტი („ოკლაჰომა სიტი"), კავაი ლეონარდი („სან ანტონიო"), სტეფ კარი („გოლდენ სტეიტი"), რასელ უესტბრუკი („ოკლაჰომა სიტი").
„ოლ სტარის" მონაწილე დანარჩენ 8-8 მოთამაშეს დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციათა ნაკრები გუნდების მწვრთნელები დაასახელებენ. შესაბამისად, არსებობს ქართველი ცენტრის „ოლ სტარზე" მოხვედრის შანსი. დასავლეთის გუნდს „სან ანტონიოს" თავკაცი გრეგ პოპოვიჩი გაწვრთნის და მასზეა დამოკიდებული, ითამაშებს თუ არა ზაზა ფაჩულია „ოლ სტარში".
NBA-ს ALL-STAR-ი აშშ-ის საზღვრებს მიღმა წელს პირველად გაიმართება. ვარსკვლავების მატჩი კანადაში, ტორონტოში 14 თებერვალს ჩატარდება.