ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში ბრალდებულების ოლეკსანდრ დამეტოვის და ოლეგ დოევის მთავარ მოტივად ანგარებას ასახელებს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე.
როგორც ტელეკომპანია „იბერიას" ეთერში ვასაძემ განაცხადა, დამკვეთების მიმართულებით გამოძიება სხვადასხვა ვერსიებზე მუშაობს და ძალიან მალე მათი ვინაობაც ცნობილი გახდება.
„დამკვეთის დასადგენად გამოძიება მრავალ ვერსიაზე მუშაობს, მე კონკრეტული გვარების და ვერსიების დასახელებისაგან თავს შევიკავებ. ჩვენ მრავალ ვერსიებს განვიხილავთ, ეს ვერსიები ხარძიანის წარსული ცხოვრებიდან და მის ქონებასთან დაკავშირებით გამომდინარეობს.
ჩვენთვის პრიორიტეტი არის მტკიცებულებების შეკრება და კონკრეტული მტკიცებულებებით საუბარი.გამოძიების დღემდე არ გამჟღავნების ერთადერთი მიზეზი საქმეზე გამოძიების ინტერესების არ დაზიანება იყო.
დამკვეთებზე მუშაობა გრძელდებოდა მთელი ამ დროის განმავლობაშიც, დღესაც მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში რა მტკიცებულებებსაც შევკრიბავთ ჩვენ საზოგადოებას წარვუდგენთ", - განაცხადა ვასაძემ.
მთავარი პროკურორის მოადგილის ინფორმაციით, ხარძიანის მკვლელობაში ბრალდებულემა იარაღი კუსტარული წესით თვითონ გადააკეთეს.
„იარაღი საზღვარზე არ შემოუტანიათ, ის საქართველოშია მოპოვებული. ექსპერტიზის დასკვნით ლულა, რომლიდანაც გასროლა განხორციელდა კუსტარულად არის დამონტაჟებული ამ იარაღზე. საქმეში არსებული მტკიცებულებებითაც დადგენილია, რომ მაყუჩი რომელიც ამ იარაღზე იყო დამონტაჯებული, ასევე, კუსტარული წესით არის დამზადებული. ეს იარაღი ცეცხლსასროლი არ იყო და ლულის შეცვლით მოხდა მისი ცეცხლსასროლ იარაღად გადაკეთება. ბრალდებულების ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული გვაქვს შესაბამისი ხელსაწყოები, რომელიც გამოყენებული იქნებოდა ამ იარაღის გადაკეთებისთვის", - განაცხადა ვასაძემ.