ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის ოჯახის ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხარძიანების ოჯახი გამოძიებით კმაყოფილია, თუმცა ელოდება, გაიგოს, თუ ვინ იყო ოჯახის მტერი და ვინ შეუკვეთა ხარძიანის მკვლელობა.
„აღნიშნული პირები წარსდგებიან გამოძიების წინაშე. დანაშაულის ჩამდენები, რა თქმა უნდა, არ დადიოდნენ და არ აცხადებდნენ იმის შესახებ, რომ ისინი ხარძიანის მოსაკლავად გამოგზავნეს. გამოგზავნეს და ხელშეწყობას ითხოვდნენ. ისინი კონსპირაციულად და მოხერხებულად მოსახლეობასთან შერწყმულად ცხოვრობდნენ რამდენიმე თვის განმავლობაში თბილისში, რათა წარმატებით შეესრულებინათ ის, რაც შეასრულეს. აქედან გამომდინარე, მოტივს და დამკვეთებს გამოძიება გამოიკვლევს. ამით საქმე არ დასრულებულა", - განაცხადა მალხაზ სალაყაიამ.
ადვოკატმა კითხვაზე- თუ რა ვერსიებზე მუშაობს ამჟამად გამოძიება და ფიგურირებს თუ არა საქმეში კვლავ გია უდესიანის გვარი, განაცხადა, რომ პროკურატურა აბსოლუტურად ყველა ვერსიაზე მუშაობს, თუმცა ვერც ერთ ვერსიას ის ვერ დააკონკრეტებს.
ადვოკატის განცხადებით, გამორიცხული არ არის, რომ მკვლელებს ჰყავდათ საქართველოში თანამზრახველები.
„გამორიცხვა იმისა, რომ მათ ჰყავდათ თანამზრახველები, არ შეიძლება. ამის განცხადების საშუალებას გვაძლევს ის, რომ მარშრუტით, რომელიც გამოქვეყნდა, კარგად ჩანს, რომ მათ კარგად იცოდნენ ხარძიანის პიროვნება, მისი სოციალური კავშირები და ასევე იარაღის ფაქტორიც გასათვალისწინებელია. სწორედ ამიტომ დაასრულეს „წარმატებით" ის, რაც დაასრულეს", - განაცხადა მალხაზ სალაყაიამ.