ვეტერანმა ფეხბურთელმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემა „20/30"-ში განაცხადა, რომ ფეხბურთის ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა, რომელსაც თავისი ვალდებულება აქვს და კონტრაქტს უნდა გადახედოს, კახა ცხადაძეს თავიდანვე უნდა განესაზღვრა, რომ ეს ცვლილებები იქნებოდა.
მისივე თქმით, კარგი იქნებოდა, ნაკრების მწვრთნელის ხელფასზე შიგნით შეთანხმებულიყვნენ და საზოგადოებისთვის მერე ეცნობებინათ, მაგრამ სამწუხაროა, რომ ასე არ მოხდა.
„კახა პროფესიონალი მწვრთნელია და თავისი თამასა აქვს. მან თავის დროზე მოითხოვა, რომ სამუშაოს იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა, თუ შესაბამისი ანაზღაურება ექნებოდა. ეს შეთანხმება მოხდა და კონტრაქტს ხელი მოაწერა. ახლა ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა, რომელსაც თავისი ვალდებულება აქვს და კონტრაქტს უნდა გადახედოს. კახას თავიდანვე უნდა განესაზღვრა, რომ ეს ცვლილებები იქნებოდა.
უკვე სამი თვე გავიდა. არ ვამბობ, რომ ყველაფერი უცებ უნდა მოხდეს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ფედერაცია რა გზას ადგას. საზოგადოება უნდა მიეჩვიოს და პასუხისმგებლობა გაცილებით ადრე მოითხოვოს. აქამდე, ეს ასე არ ყოფილა", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისი თქმით, ნაკრების მწვრთნელი ვინ იქნება და ხელფასი რამდენი ექნება, ფედერაციის გადასაწყვეტია და არა - მინისტრის.
„ხეჩიკაშვილის ადვოკატად ვერ გამოვდგები, მაგრამ მინისტრმა ერთპიროვნულად როგორ უნდა გადაწყვიტოს, რამდენიმე ადამიანის ხელფასზე ბიუჯეტიდან ამხელა თანხები გავიდეს?! სახელმწიფომ ფეხბურთის დახმარების სურვილი გამოთქვა, მაგრამ ფედერაციისგან პროგრამის წარდგენას ელოდება, რომ განსაზღვროს, ფეხბურთი რა სახით დააფინანსოს. მე ვთვლი, რომ ეს ყველაფერი საარჩევნო პროგრამაშივე უნდა ყოფილიყო გაწერილი, მაგრამ არჩევნების წინ ისეთი რამეები ხდებოდა, ალბათ, ამისთვის არ ეცალათ.
თავიდანვე ვამბობდი, რომ ჯერ ფედერაციის არჩევნები უნდა ჩატარებულიყო და ახალ ხელმძღვანელობას გადაეწყვიტა, თუ ვინ უნდა ყოფილიყო ნაკრების მწვრთნელი, მაგრამ ბევრ სხვა დარღვევასთან ერთად, წინა ხელმძღვანელობამ ეს საქმეც უპასუხისმგებლოდ შეასრულა", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.