ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი გურიისა და აჭარის რეგიონებში დიდთოვლობის გამო დაზიანებულ ელექტროგადამცემ ხაზებზე არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნობა და აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას დაათვალიერებს.
აღნიშნულ რეგიონებში ძირითადად დაბალი და საშუალო ძაბვის ელექტროქსელია დაზიანებული. დიდთოვლობის გამო, კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას" ბრიგადებს ფეხით უწევთ დაზიანებული უბნების აღმოჩენა და დაზიანებების აღმოფხვრა. უამინდობის მიუხედავად დასავლეთ საქართველოში ელექტროენერგიის მასშტაბურ გათიშვას ადგილი არ აქვს. „ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება. შეზღუდვები შეეხება მხოლოდ გურიისა და აჭარის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს.
აღდგენითი სამუშაოების დასრულებამდე, კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკური სამსახური მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს.