reportiori.ge - გიორგი უძილაური: ეს სოციოპათიური განწყობა უფრო დიდი მტერია, ვიდრე ომი, გაჭირვება, შიმშილი და ეპიდემიები!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 23:52
საზოგადოება
გიორგი უძილაური: ეს სოციოპათიური განწყობა უფრო დიდი მტერია, ვიდრე ომი, გაჭირვება, შიმშილი და ეპიდემიები!
ავტორი:
25 იანვარი, 2016. 20:49



ჟურნალისტი გიორგი უძილაური საზოგადოებაში გაბატონებული უნდობლობისა და დაკნინებული ყოფის შესახებ წერს, რომელიც სოციუმის განვითარებას ხელს უშლის.


 

„ყველას (ცივი) ომი ყველას წინააღმდეგ

 

ურთიერთობების და ნდობის კრიზისია ქართულ საზოგადოებაში. ახლა გავიგე კიდევ ერთი შემთხვევა, როცა მეგობარი მეგობარს თავდებში ჩაუდგა და ის მეგობარი კი უცხოეთში წავიდა და ადამიანს ბინა დაუყადაღეს. ასეთი შემთხვევები მგონი ძალიან ბევრია. პირველივე აზრი, რაც ასეთ გარემოში მცხოვრებ ადამიანს გაუჩნდება, იქნება-  "არავის უნდა ენდო!".

 

ეს სოციოპათიური განწობა არის არა მხოლოდ ადამიანის სულის ავთვისებიანი სიმსივნე, არამედ საზოგადოების ყველაზე დიდი მტერიც... უფრო დიდი მტერი ვიდრე ომი, გაჭირვება, შიმშილი და ეპიდემიები. ვერც ჯანსაღი საზოგადოება და ვერც ცალკე ადამიანი ვერ იარსებებს ნდობის და სოლიდარობის გარეშე. დღეს საქართველოს არ ყავს იმაზე დიდი მტერი, ვიდრე ჩვენ. უნდობლობა გადამდები სენია და როცა ერთი ავადდება, სხვებსაც გადასდებს. უნდობლობით შეპყრობილი არა მხოლოდ უნდობლობით უყურებს ყველას, მათ შორის ახლობლებსაც, არამედ საკუთარი თავის გასამართლებლად ამ განწყობის გამამართლებელ პროპაგანდასაც ეწევა სხვებში, რათა მათში დაინახოს გაგება. ადამიანის ბუნება ისეა მოწყობოლი, რომ მისთვის უფრო ადვილია ნეგატივის გადახარშვა, თუ დაინახავს, რომ იგივე ნეგატივი იხარშება სხვა ადამიანშიც. ერთ-ერთი მიზეზი იმის, თუ რატომ არის საქართველოში პოპულარული ნეგატივი, ჭორი, შეთქმულებები და ეჭვები, არის უნდობლობით შეპყრობილი ადამიანების სურვილი, იგივე დაინახოს სხვაშიც და სოლიდარული იყოს მასთან ტოტალურ უნდობლობაში. უნდობლობა არის მომავლის არცოდნის და მეორე ადამიანის, ან ადამიანთა ჯგუფის მოქმედებათა ვერგანჭვრეტის შიში. თეორიულად ყველა ჩვენგანი ძალიანაც მონდომებულია ენდოს ახლობელს, მეგობარს, თუნდაც უცნობსაც, ოღონდ ერთი პირობით _ თუ ექნება 1000%-იანი გარანტია, რომ მას არ დააღალატებენ და ზურგში ლახვარს არ ჩასცემენ. ამ გარანტიას კი ვერავინ ვერავის ვერ მისცემს, შესაბამისად ვიღებთ შედეგს, როცა "ნდობის" გაგება იმდენად დამახინჯებულია, რომ კომიკურ ფორმას იღებს. ქვეცნობიერად სიცოცხლეს ვანდობთ ტაქსის მძღოლს, თვითმფრინავის პილოტს და ლიფტიორს, მაგრამ არ ვენდობით მეგობრებს ბევრ რამეში, მათ შორის ფულის სესხებაშიც, ....იმიტომ რომ ამ პერიოდში ნდობა არაა პოპულარული, იმიტომ რომ ხშირია ისეთი ისტორიები, როგორიც დასაწყისში ვახსენე. უნდობლობა კი აფუჭებს ურთიერთობებს. თუკი ურთიერთობებს ჩავთვლით ადამიანი უმთავრეს სოციალურ პროდუქტს, გამოდის რომ უნდობლობით ვკლავტ ჩვენს ადამიანობასაც და ვანადგურებთ იმ ჩანასახსაც, რომელმაც ქართველი ერისგან საზოგადოება უნდა შექმნას.

 

დიდი ალბათობით, ადამიანმა, რომელმაც თავდებში ჩადგომა სთხოვა მეგობარს, სულაც არ დაგეგმა მეგობრის გადაგდება. პირიქით, ერთობლივი საქმით მიღებული მოგების განაწილებასაც შესთავაზებდა, მაგრამ რაღაც არ გამოვიდა და... გაიქცა, დაიმალა ან გადაემტერა და ..

 

რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ საქართველოში ჯერ ახლა ვსწავლობთ ერთად და დამოუკიდებლად ცხოვრებას. ადრეც ერთად ვცხოვრობდით, მაგრამ მაშინ ჩვენს ურთიერთობებს ალაგებდა სისტემა, კოდექსი, ოფიციალური ან არაოფიციალური, კანონი ან თუნდაც ქურდული სამყარო, ან გარკვეული ქცევის წესები. ეს კოდექსები მოიშალა, ადამიანები კი ძირითადად იგივე დავრჩით. სიღარიბემ, უფრო ღიად რომ ითქვას _ გადარჩენის, წინსვლის და გამდიდრების სურვილმა უსისტემო ურთიერთობებში გვაქცია მგლებად, რომლებიც მოქმედებენ მგლური კანონებით, თუმცა არ სურთ "ადამიანის" სტატუსის დაკარგვა. კი არიან მეზობლები, მაგრამ იმ მომენტამდე სანამ მეზობელს არ მოუნდება ღობის ნახევარი მეტრით გადმოჩოჩება. კი არიან მეგობრები, მაგრამ მანამდე სანამ მეგობარი არ გადაწყვეტს ვიგოდნიკობას... და ეს ეხება ყველას. აქ არ არიან კარგები და ცუდები, აქ არიან ვერგანჭვრეტადი მომავლით შეშინებული, უნდობლობაში სოლიდარული, დროის და გარემოების მსხვერპლი გათითოკაცებული ინდივიდები.

ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ სად არის გამოსავალი???- აი კითხვა, რომელიც ამის მკითხველს გიჩნდება.  გამოსავალიც კი უერბარი, სწრაფმოქმედი, მარტივი და 100%-იანი გვინდა. არა მხოლოდ ურთიერთობებში, არამედ პოლიტიკაშიც. გამოსავალი კი არის, ოღონდ არა მარტივი, არა სწრაფი და არა უმტკივნეულო.

1. უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა და გაგება

2. არ უნდა ჩავიკეტოთ, რამდენჯერაც არ უნდა მივიღოთ იმედგაცრუება

 

3. არ უნდა ვიყოთ ზედაპირულები მსჯელობაში, არ უნდა დაგვეზაროს ანალიზი და კითხვა. თუნდაც ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების

 

4. თავი ავარიდოთ ნეგატიურ აზროვნებას და ამ აზროვნებაში თანამოაზრეების ძებნას

 

5. უნდა დავძლიოთ უნდობლობა ურთიერთობების ახალი ფორმების ძიებითა და პოვნით

 

რაც შეეხება ფულის სესხების და თავდებში ჩადგომის დელიკატურ თემას. ამ მხრივ უმთავრესი ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ. რამდენი ხელისუფლებაც არ უნდა მოვიდეს, ყველას გაუჭირდება ქვეყნის განვითარება, მანამ სანამ საქართველოში არ იქნება დაძლეული ნეგატიური აზროვნება და სანამ არ დაიწყება საზოგადოების ფორმირება. მაგრამ ნეგატიური აზროვნების დაძლევა არ უნდა მოხდეს პროპაგანდისტული მანიპულაციების ნარკოტიკებით, რომლებსაც ასე ოსტატურად იყენებდა სააკაშვილის პრ მანქანა, რომელიც ქმნიდა პროგრესის ილუზიას, ბიზნესისა და ხალხისგან გამოძალული ფულით. არაა საჭირო ტყუილები. ბევრად მარტივია ხელისუფლების დალაპარაკება საბანკო სექტორთან და მათთვის ახსნა, თუ რატომაა საჭირო დაბალპროცენტიანი კრედიტები და უბრალოდ პატიოსანი დამოკიდებულება კლიენტებთან. საჭიროა სტარტაპებზე ორიენტირებული სახელმწიფო პროგრამები, გახსნილი და მარტივი, იმისთვის რომ ადამიანებმა დაიწყონ ბიზნესები. როცა ეს პრობლემა მოიხსნება, მოიხსნება მეგობრების ბინების ჩადების აუცილებლობაც.

 

საჭიროა მოქალაქის და მოქალაქის, მოქალაქის და ბიზნესის, სახელმწიფოს და მოქალაქის, ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობების გახსნა, გამარტივება და მაქსიმალურად გაფართოება. ურთიერთობები აჩენს ნდობას, ნდობა კი აჩენს მომავლის პერსპექტივას. დამთავრდა ის დრო, როცა ადამიანები ელოდნენ სხვისგან დაწერილ ურთიერთობათა კოდექსს, დასრულებულია ლატენტური მონობა, სხვა პერიოდში ვართ, ურთიერთობებია საჭირო და ამაში თავის სიტყვა უნდა თქვას პირველ რიგში სახელმწიფომ, შემდეგ ბიზნესმა, მოქალაქეებმა და ... მედიამაც, რომელიც სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში დღემდე საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს."- აღნიშნავს უძილაური. 


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016