reportiori.ge - ლაშა ტუღუში: საქართველოში რუსული „რბილი ძალის“ გააქტიურება საკმაოდ დიდ საფრთხეებს შეიცავს...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:46
პრეს-დაიჯესტი
ლაშა ტუღუში: საქართველოში რუსული „რბილი ძალის“ გააქტიურება საკმაოდ დიდ საფრთხეებს შეიცავს...
ავტორი:
25 იანვარი, 2016. 22:58



"რუსეთის ხისტი და რბილი ძალის საფრთხეები საქართველოში", - ასე ჰქვია "ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემია თბილისის" მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართა.


პროექტის ფარგლებში შესწავლილ იქნა რუსეთის ხელში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური თუ სხვა სახის ბერკეტები, რითაც მას შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე. კონკრეტულად რა საფრთხეებს შეიცავს რუსეთის ხისტი და რბილი ძალა საქართველოში, "ინტერპრესნიუსი" ორგანიზაციის ხელმძღვანელს, პოლიტოლოგ ლაშა ტუღუშს ესაუბრა.


- ბატონო ლაშა, საკმაოდ საინტერესო გახლდათ თქვენს მიერ წარმოდგენილი კვლევის პრეზენტაცია - "რუსეთის ხისტი და რბილი ძალის საფრთხეეები საქართველოში". ბრძანეთ, რომ კომპლექსური ხასიათის კვლევამ კომპლექსური პრობლემები წარმოაჩინა. თქვენი აზრით, დღეისთვის რუსეთის მიერ საქართველოში წარმოებული ხისტი და რბილი ძალის რა კომპლექსური რისკები და საფრთხეები არსებობს?


- რუსეთის როლი უკიდურესად ნეგატიურია საქართველოს თანამედროვე განვითარებაში. ეს არ გამოიხატება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიების თითქმის 20%-ის ფაქტობრივ ანექსიაში. რუსეთისთვის "რბილი ძალა" საჭირო იდეოლოგიური და პოლიტიკური პლატფორმის შესაქმნელად ერთ-ერთი აქტიური იარაღია, რასაც კრემლი დაუფარავად და ძალზე ინტენსიურად იყენებს. რუსეთმა სახელმწიფო დონეზე მოახდინა "რბილი ძალის" ინდუსტრიალიზაცია, რითაც პოლიტიკური ბრძოლის იარაღად მისი გამოყენება სრულიად ფორმალიზებული გახდა.


რუსული "რბილი ძალის" პოლიტიკის ძირითადი წყარო სწორედ პროპაგანდისტული, აგრესიული, ანტიდასავლური და ანიტიამერიკული საინფორმაციო კამპანიაა. რუსული არხების უკონტროლო, დაურეგულირებელი მაუწყებლობა ქართულ საინფორმაციო სივრცეში ანტიდასავლური განწყობებისთვის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის. რუსეთი საკმაოდ კარგად იყენებს საქართველოში არსებულ ლიბერალურ კანონმდებლობას "მაუწყებლობის შესახებ". ვითარებაში, როცა რუსულ არხებს საშუალება აქვთ უპრობლემოდ აწარმოონ საქართველოს ტერიტორიაზე მაუწყებლობა, აუცილებელია ჩვენ ვსრულყოთ ჩვენი კანონმდებლობა, რათა კრემლს საშუალება არ მიეცეს ჩვენს ტერიტორიაზე ჰქონდეს ომის პროპაგანდის, ეროვნულ უმცირესობებს შორის შუღლის გაღვივების, ანტიდასავლური და ანტიამერიკული პროპაგანდის წარმოების საშუალება.


კომპლექსურ რისკებს კომპლექსური პასუხები სჭირდება. ვგულისხმობ რუსულ "რბილ ძალაზე" ჩვენს რეაქციას ანუ, საქართველოში რუსულ პროპაგანდაზე, საქართველოში რუსულენოვან მედიაზე, ქართულ მედიაში რუსულ პროპაგანდაზე, რუსულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ ქართველ პარტნიორებზე, საქართველოში პოლიტიკურ ლანჩაფტზე, ანტიდასავლურ ნარატივებსა და პოლიტიკურ მითებზე, ასევე საერთოდ ქართულ პოლიტიკაში რუსული ინტერესების გატარების მცდელობებს.


კვლევაში გვერდს ვერ ავუვლიდით კონფლიქტურ ზონებსა და იქ მიმდინარე ანექსიურ პროცესებს, რომლებიც რეგიონში რუსი სამხედროების განთავსებით არ ამოიწურება და ის რეალურად ადგილობრივი ინსტიტუტებისა და საზოგადოების რუსეთის დანამატად ქცევას ისახავს მიზანად. კვლევაში საუბარია იმ საფრთხეებზეც, რომლებიც უკავშირდება რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირი აგრესიის მცდელობას, მოსკოვის მოქმედებას რეგიონში - როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში, ისე მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანთან მიმართებაში.


კვლევა მოიცავს, როგორც საფრთხეებისა და რისკების ანალიზს, ასევე რეკომენდაციებს მათ დასაძლევად. კვლევა გამიზნულია როგორც საჯარო სექტორისთვის, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის. ცხადია, კვლევამ ვერ მოიცვა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ყველა ასპექტი, მაგრამ მისი მიზანი იყო შეგვესწავლა რუსეთის გავლენის არსებული და შესაძლო მექანიზმები. ამ კუთხით და განსაკუთრებით მისი კომპლექსურობის გათვალისწინებით, კვლევა თავისთავად სიახლეა, თუმცა, რიგი მიმართულებებით საჭიროა კვლევის შემდგომი გაგრძელება.


- ბრძანეთ, რომ რუსული "რბილი ძალა" საქართველოში უპირველესად რუსულ პროპაგანდას, რუსულენოვან მედიას, ქართულ მედიაში რუსულ პროპაგანდას, ასიმეტრიულ საინფორმაციო ომს, რუსულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ ქართველ პარტნიორებს უკავშირდება. თქვენი აზრით, რამდენად ეფექტურია რუსული "რბილი ძალა", ძირითადად რაზე აკეთებს იგი აქცენტებს?


- კვლევის მიზანი არ გახლდათ იმის დადგენა, თუ რამდენად ეფექტურია რუსული პროპაგანდა. ამას ცალკე კვლევა სჭირდება. ფაქტია, რომ რუსული "რბილი ძალის" ფარგლებში საქართველოში აქტიურად საქმიანობენ გორჩაკოვის ფონდი, "რუსული სამყარო", "რუსული სამყარო საქართველოში", "ლევ გუმელიოვის ცენტრი," "როსსოტრუდნიჩესტვო" და "მრავალეროვანი საქართველოს ანტიფაშისტური კოალიცია". ყველა ეს ორგანიზაცია ღიად ეწევა ანტიდასავლურ და ანტიამერიკულ პროპაგანდას. ზოგი ამგვარ წიგნებს გამოსცემს და ამ აზრის დასამკვიდრებლად შესაბამისი "კვლევის" მასალებს ავრცელებს. "ლევ გუმელიოვის ცენტრი" ღიად ეწევა ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრიანების პროპაგანდას. თითქმის ყველა მათგანი რუსეთის უძლეველობის მითს ამკვიდრებს და პრაქტიკულად არაფერს ამბობს იმაზე, თუ რა ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური ვითარებაა დღევანდელ რუსეთში. ყველა ამ ორგანიზაციის და მათი ქართველი პარტნიორების საქმიანობა იმით გამოირჩევა, რომ მათი დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმაციის მოპოვება პრაქტიკულად შეუძლებელია. ანუ, ამ საკითხის გაუმჭვირვალობა კიდევ უფრო მეტ ეჭვებს აჩენს. ამიტომ, ძნელი დასადგენია, სავარაუდოდ, რა თანხებს ხარჯავს რუსეთი საქართველოში "რბილი ძალის" პოლიტიკის გასატარებლად.


რუსული "რბილი ძალის" გავლენის ქვეშ მყოფი მედია საქართველოში აქტიურად ეწევა იმის პროპაგანდას, რომ ევროკავშირი ცუდია, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში არავინ მიიღებს, რომ დასავლეთი ჩვენ გასაღების ბაზრად გვიყენებს და გვართმევს სარწმუნოებას, ჩვენი იდენტობა რუსულთან უფრო ახლოსაა, ვინაიდან ჩვენ რუსებთან ერთიანი კულტურა გვაკავშირებს. აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების გასაღები რუსეთშია და ამ კონფლიქტების მოგვარება საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებითაა შესაძლებელი. გარდა ამისა, აქტიურად მახვილდება ყურადღება იმაზე, რომ ჩვენ თითქოს დასავლეთში ვერავის კონკურენტები ვერ ვიქნებით. ქართული ნაწარმისთვის საუკეთესო ბაზარი რუსულია. ასე რომ, საქართველოში რუსული "რბილი ძალის" გააქტიურება საკმაოდ დიდ საფრთხეებს შეიცავს.


- როგორც თქვენ აღნიშნეთ, გარდა იმისა, რომ პრორუსული ორგანიზაციები საკმაოდ მომრავლდა, მათი დაფინასების წყაროები და შემადგენლობაც კი აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა. არსებული ვითარების გამოსასწორებლად რა უნდა გაკეთდეს?


- დიახ, დღეს მართალც ასეა. იმისთვის, რომ არსებული ვითარება რადიკალურად შეიცვალოს, გასამკაცრებელია ჩვენივე კანონმდებლობა. ფაქტია, რომ ყოვლად დაუშვებელია ქვეყანაში არსებობდნენ ისეთი ორგანიზაციები, რომელთა დაფინანსების წყაროები და წევრთა სია პრაქტიკულად უცნობია. საქართველოში არსებობს ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველოს ანტიფაშისტური კოალიცია". მისი აქტივისტების განცხადებები ერთი ერთში ემთხვევა საქართველოს მიმართ კრემლის პროპაგანდისტების მესიჯებს. მათივე მტკიცებით, ამ ორგანიზაციას აქვს იმ რუსი და რუსულენოვანი მოქალაქეების სია, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლებასთან სხვადასხვა სახის პრეტენზიები აქვთ - ასეთი მოქალაქეების რაოდენობა 1700-ს შეადგენს. რჩება შთაბეჭდილება, რომ ეროვნული უმცირესებებით დაკომპლექტებულ, ამ ორგანიზაციის აქტივისტებს მოსკოვი მაშინ გააქტიურებს, როცა ამას საჭიროდ ჩათვლის. არადა, მათი რიტორიკა ასეთია - საქართველოში ჩაგრავენ ეროვნულ უმცირესობებს, სლავებს, მასიურად იხურება რუსული სკოლები, მათთვის მიუღებელია საქართველოს ევროპული ატლანტიკური არჩევანი და ასე შემდეგ.


- კვლევის პრეზენტაციისას განაცხადეთ, რომ რეგიონებში ეროვნული უმცირესობები პრაქტიკულად არ უყურებენ ქართულ არხებს და რომ მას მოსახლების მხოლოდ 4-5% ადევნებს თვალს. ამ კონტექსტში თქვენ გამოთქვით მოსაზრება საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისთვის რუსულენოვანი არხის შექმნა შესახებ. ამ ინიციატივის განხორციელების ალბათობა რამდენად დიდია?


- ამის აუცილებლობა რომ რეალურად არსებობს, ფაქტია. ანალოგიური პრობლემა იყო ესტონეთში და ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე შეიქმნა რუსულენოვანი არხი. სხვათაშორის, ამ პროექტმა იქ გაამართლა. ესტონეთის რუსულენოვანი მოსახლეობა რუსული არხებიდან ესტონეთის რუსულენოვან არხზე გადაერთო. ეს საკითხი ჩვეთანაც განიხილება, მაგრამ ამ იდეის რეალიზაციას საკმაოდ დიდი ფინანსები სჭირდება და საჭიროა საზოგადოებრივ მაუწყებელს გაეზარდოს დაფინასება. ხელისუფლებას რუსული არხის შექმნის აუცილებლობა ესმის, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ამ მიმართულებით გადაწყვეტილებების მიღების მოლოდინი არ მაქვს. არადა, ეს რომ რაც შეიძლება მალეა გასაკეთებელი, ფაქტია.


- პრეზენტაციაზე თქვენ ასევე აღნიშნეთ, რომ ხელისუფებამ საკანონმდებლო დონეზე ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას იმისთვის, რათა არჩევნებში რუსული ფულის მონაწილეობა გამოირიცხოს. მოგეხსენებთ, რომ წელს საპარლამენტო არჩევნების წელია. გაქვთ იმის იმედი, რომ არჩევნებამდე საკანონმდებლო დონეზე ამგვარი რამ გაკეთდება?


- პრაქტიკულად შეუძლებელია იმის თქმა, საქართველოში რომელიმე პარტია ფინანსდება თუ არა რუსული წყაროებით. ჩვენთან ის პარტიებიც კი, რომლებიც პრორუსულ პარტიებად მიიჩნევა, არ ამბობენ, რომ საქართველო ევრაზიულ კავშირში უნდა შევიდეს. შესაძლოა ამ პარტიის ლიდერებს კარგად ესმით, რომ ეს იდეა ქართულ საზოგადოებაში პოპულარული არაა. შესაძლოა, ისინი იმ დროს ელოდებიან, როცა რუსული "რბილი ძალა" ამ განწყობებში მნიშვნელოვან კორექტივებს შეიტანს.


რაც შეეხება არჩევნებში რუსული ფულის მონაწილეობას, დიდი იმედი მაქვს, ხელისუფლება კიდევ უფრო გაამკაცრებს კანონმდებლობას, რომლითაც კიდევ უფრო გამჭვირვალე გახდება ამა თუ იმ პარტიის მიერ არჩევნებში დახარჯული ფინანსების წარმომავლობა. რადგან დაფინანსების გამჭვირვალეობას კვლავაც შევეხეთ, გავიმეორებ - აუცილებელია გამჭვირვალე გახდეს იმ ორგანიზაციების დაფინანსების წყაროები, რომლებიც საქართველოში პრორუსულ ორგანიზაციებად მიიჩნევა. მათი ფინანსების წარმომავლობა ისეთივე გამჭვირვალე უნდა იყოს, როგორც ჩვენში მოქმედი სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების წარმომავლობა.



წყარო 



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016